30 ნოემბერს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემა „გზაჯვარედინი“ 2023 წლის მთავარ ტენდენციებს დაეთმო.
ანზორ ოდიშარია: უკვე დეკემბრის თვეა და ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ ახალი წლისთვის მზადება და იმ პოზიტიური საყრდენის შენება, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. ყველა წელს თავისი ტენდენცია აქვს და 2023 წელს შემდეგი უცნაური მოთხოვნა ახასიათებს, ეს წელი ითხოვს, რომ მოხდეს გადასხვაფერება იმისა, რაც უკვე გვაქვს. 2023 წელი განახლების პერიოდია, თუნდაც ბიზნესის კუთხით, ახლის წამოწყებას, ძველის გაუმჯობესება და გადასხვაფერება ჯობია. ჩვენ კურსი უნდა შევუცვალოთ, გავაძლიეროთ, გავაუმჯობესოთ და წარმატების გზაზე დავაყენოთ, ყველაფერი, რაც აქამდე გაჩერებული, უიმედო და არასწორად განვითარებული იყო. 2023 წელს ბევრი დაუბრუნდება ძველ საწყისებს, იმას, რაც ვერ დაამთავრეს და ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ახლა ეს ყველაფერი ბევრად წარმატებული იქნება, რადგან 2023 წელი ადამიანებისგან მოითხოვს, რომ ის ციკლი, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ დაიწყო, დასრულდეს, რომ ძველი ენერგეტიკული ვალების გასტუმრების შემდეგ, ახლის შენება დავიწყოთ.
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, კურდღლის წელი მოდის და რეალურად, როდის შემოდის კურდღლის პერიოდი?
22 იანვრიდან. რა თქმა უნდა, ეს კალენდარი მოქმედებს და გავლენას ახდენს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ 2023 წელს ქართველებისთვის შვიდიანის წელიწადი დგება. შესაბამისად, ჩვენთვის ეს წარმატების მომტანი ენერგია, შვიდიანი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის უფრო მოქმედებს.
ახალ წელთან დაკავშირებით არის გარკვეული რჩევები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ, აქვს თუ არა მნიშვნელობა ნაძვის ხის დადგმის თარიღს?
ამაზე უფრო დაწვრილებით შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ვინც ნაძვის ხეს იმ მნიშვნელობას ანიჭებს, რა მნიშვნელობაც მას ისტორიულად, კულტურულად და ეზოთერულად გააჩნია, მან უნდა გაითვალისწინოს ნაძვის ხის დადგმის თარიღები, მაგრამ ვისთვისაც, ის ესთეტიკური სილამაზეა, ემოციურ განწყობას ქმნის და მეტი არაფერი, მას შეუძლია, სექტემბერშიც დადგას ნაძვის ხე და უყუროს (იცინის).
ბევრი ადამიანი საერთოდ არ დგამს ნაძვის ხეს, ეს როგორი მიდგომაა, ამით ფუჭდება რამე, საზიანოა ოჯახისთვის?
არა, ნაძვის ხის არ ქონით არაფერს ვაფუჭებთ, თუ სახლში არ გვაქვს ნაძვის ხე, ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. უბრალოდ, აქ მთავარი არის ემოციური, ენერგეტიკული განწყობა და შესაბამისად, დღესასწაულის შექმნა სახლში და თუ ამ დღესასწაულს სხვადასხვა ნივთებით შევქმნით, თუნდაც სუფრით, შეკრებით, ურთიერთობით და ა.შ. მთავარი რიტუალი უკვე ჩატარებულია. ნაძვის ხე ეს არის შემახსენებელი იმისა, რომ ახალი წელია, ნაძვის ხე ასოცირებულია სიძლიერესთან და ოჯახურ კეთილდღეობასთან.
აქვს მნიშვნელობა ნაძვის ხე ცოცხალი იქნება თუ ხელოვნური?
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხელოვნური ნაძვის ხე ისეთივე ვიზუალური გაფორმებაა სახლში, როგორც ნაძვის ხის სათამაშოები, ამიტომ განსაკუთრებული ენერგეტიკული მნიშვნელობა მას არ გააჩნია. რაც შეეხება მოჭრილ ნაძვის ხეს, ესეც არ არის სასურველი, რომ ახალ წელს ჩვენს სახლში იყოს, რადგან მასაც თავისი ნეგატიური გავლენა გააჩნია. ყველაზე სასურველი ქოთანში არსებული ფესვიანი ნაძვის ხეა, რომელთა შეძენაც სრულებით შესაძლებელია. ის შეგიძლიათ მორთოთ და შემდეგ უკვე თებერვალში ტყეში გადარგოთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ გარემოს გაუმჯობესებაში.
რა რიცხვებია კარგი ხის დასარგავად?
უახლოეს პერიოდში 2 თებერვალი და 21 მარტი. თებერვალში სასურველია წიწვოვანი ხის დარგვა, მარტში – ნაყოფიერი, ფოთლოვანი ხის.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ 21 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით კარგი პერიოდია სურვილების ჩაფიქრებისთვის. რა სახით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი?
ყოველთვის სასურველია, რომ იყოს ერთი ან სამი აქტიური სურვილი. ყოველი ჩაფიქრების დროს ეს სურვილები უნდა გავაძლიეროთ. ჩამოწერეთ ის სურვილები, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, რაც ცხოვრების ამ ეტაპზე გჭირდებათ და შეინახეთ, სანამ არ აგისრულდებათ. „მე მზად ვარ მივიღო“ ფორმულა ყველაზე კარგად მუშაობს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად