აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „დიდი შესვენება“ ერთ-ერთ გასულ ეპიზოდს პედაგოგი თამთა კვარაცხელია სტუმრობდა.
პედაგოგმა გადაცემაში ქართულ ენაში უცხოენოვანი სიტყვების გამოყენებასა და მათი დამკვიდრების მიზეზებზე ისაუბრა.
როგორც თამთა კვარაცხელიამ აღნიშნა, უცხოური სიტყვების გამოყენება მოდურია, თუმცა ეს ტრაგედია არ არის და ჟარგონებს ენა მოერევა. მისივე თქმით, ტრაგედია არის ის, რომ ჩვენ არ ვკითხულობთ.
„ჩემს და თქვენს თაობას ჰქონდა უცხოენოვანი სიტყვები – „იმენნა“, „ვობშემ“, „კაკ რაზ“, „კაროჩე“, მაგრამ გავიზარდეთ და ამ სიტყვებს ბევრნი აღარ ვიყენებთ, ეს არ არის მაინცდამაინც ტრაგედია, ენა ამას მოერევა, მაგრამ ვერავინ მოერევა იმ პროცესს, რაც ენაში არსებული ქართული, კარგი სიტყვების დავიწყებაა, მაგალითად, როგორიც არის სიტყვა – თვალწარმტაცი.
უცხოური სიტყვების გამოყენება მოდურია. ეს იყო როგორც ჩვენს თაობაში, ასევე ახლანდელ თაობაში, ეს წარმავალია, ამ მოდას სხვა მოდა ჩაანაცვლებს, ამაში დარწმუნებული ვარ.
ენას აქვს იმის ძალა, რომ ასეთ სიტყვებს მოერიოს. დავაკვირდი, რომ ეს თაობა მასწავლებელთან არ ლაპარაკობს ისე, როგორც ერთმანეთში ლაპარაკობენ, ეს სლენგია, წარმავალია.
თუ ჩვენ პარალელურ რეჟიმში, მუდმივად მივაწვდით კარგ მეტყველებას, მათთვის ვიქნებით მისაბაძი ადამიანები, ისინი ამას ნელ-ნელა დათმობენ, სხვა რაღაც შემოვა მოდაში, მაგრამ არა უშავს. მაინც, ტრაგედია არის ის, რომ ჩვენ არ ვკითხულობთ“, – აღნიშნავს პედაგოგი თამთა კვარაცხელია.