LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგება ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს ხმარდება“ – უნიკალური სივრცე საქართველოში, რომელიც თავშესაფარს, კრიზისულ ცენტრსა და სოციალურ საწარმოს აერთიანებს

423
თავშესაფარი

„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ (ძდექ) ძალადობის მსხვერპლ და ძალადობა გამოვლილ ქალებს სასწავლო კურსებს სთავაზობს და დასაქმებაში ეხმარება. ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 16 წარმომადგენლობას მოიცავს, თავშესაფარს, კრიზისულ ცენტრსა და სოციალურ საწარმოს აერთიანებს.

„ჩვენი ორგანიზაცია 2003 წელს შეიქმნა. ეს იყო პირველი თავშესაფარი საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და ბავშვებისთვის. თავიდან არავის სჯეროდა, რომ საქართველოში თავშესაფარში ვინმე მოვიდოდა. თუმცა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ ოჯახში ძალადობის კანონის მიღებამდე (2006 წელი) ძდექ-მა შეძლო ასობით ქალის დახმარება როგორც სამართლებრივად, ასევე, ფსიქოსოციალური მიმართულებით. შემდეგ მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი თანაავტორები ჩვენც ვართ“, – აცხადებს „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ხელმძღვანელი ნატო შავყალაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას.

ორგანიზაციის მუშაობის შედეგად, თავშესაფარში არაერთი ქალი მოხვდა. ამჟამად, სივრცეში 20 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. როგორც ნატო შავლაყაძე გვიყვება, 2017 წელს მათ ეკონომიკის სამინისტროს მიერ უზურფრუქტით გადაეცათ ფართი, რის შემდეგაც აქტიურად დავიწყეთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მუშაობა, რაც მათ პროფესიულ გადამზადებას და დასაქმებაში ხელშეწყობას გულისხმობდა.

„ქალებს, ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა სასწავლო კურსებზე ვამისამართებთ, ხშირად გვქონდა საშუალება, რომ თანხაც გადაგვეხადა მათთვის. ზოგ შემთხვევაში,მ როცა მათ სხვა მიმართულებით სურდათ, პროფესიული განათლების მიღება, ამას მეგობარი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით ვახერხებდით. მაგრამ იმ დედებისთვის, რომლებსაც პატარა შვილები ჰყავთ, ძალიან კომფორტულია, რომ არ უწევთ ტერიტორიის დატოვება და ასე შეუძლიათ, ისწავლონ ესა თუ ის უნარ-ჩვევები. აქედან წამოვიდა იდეა და გავაკეთეთ კულინარიის შემსწავლელი კურსი. კრიზისულ ცენტრში კონსულტაციის მიღების შემდეგ, ისინი სარეაბილიტაციო პროგრამაში ერთვებიან. ჩვენი მიზანია, რომ შევასწავლოთ მათ სპეციალობა.

მოვიწვიეთ ცნობილი შეფმზარეული მანუელ ფაუნდეს ბარანდა. ის ორი წელი ასწავლიდა ჩვენს გოგონებს. კოვიდ პანდემიის დაწყებამდე 24-მა ქალბატონმა ისწავლა, ასევე, ერთი ქალბატონის არასრულწლოვანმა შვილმა. აბსოლუტურად ყველა დასაქმდა კარგი შემოსავლით. ზოგი – ჩვენთან, ზოგი კი სხვადასხვა რეგიონის რესტორანში. ამის შემდეგ თავშესაფრის ტერიტორიაზე ავაშენეთ სამზარეულო-საწარმო, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, გვაქვს სათბური. იქ მოყვანილი ბოსტნეულით მარაგდება ჩვენი სამზარეულო. შესაბამისად, ამ საწარმოში მზადდება საკვები ჩვენი ბენეფიციარებისთვის. კოვიდის პერიოდში, როდესაც ბევრმა დაკარგა სამსახური, ჩვენთან დასაქმებულებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ“, – გვიყვება ქსელის ხელმძღვანელი.

ამჟამად საწარმო „გემომეტრია“ 7 ადამიანს ასაქმებს. თითოეული მათგანი ძალადობა გამოვლილი ქალია. როგორც ნატო შავლაყაძე ამბობს, თავდაპირველად საწარმო მხოლოდ ე.წ. „ქეითერინგის“ მომსახურებას ეწეოდა.

„თავდაპირველად შევიქმენით როგორც ე.წ. „ქეითერინგის“ მომსახურების საწარმო, საკმაოდ ბევრი შეკვეთა გვქონდა. კოვიდის შემდეგ შეკვეთებმა იკლო, თუმცა პროდუქციაზე მოთხოვნა ბოლო დროს ისევ გაიზარდა, რის გამოც, ჩვენს ტერიტორიაზე ავაშენეთ მაღაზია, სადაც მომხმარებელს მზა პროდუქციის შეძენის საშუალება აქვს. გვაქვს როგორც მზა კერძები, ასევე, ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი“, – აცხადებს „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ხელმძღვანელი „ფორტუნასთან“.

მისი თქმით, სააღდგომოდ, საწარმოში გამომცხვარ პასკებზე მოთხოვნა როგორც ინდივიდუალური პირებისგან, ისე კომპანების მხრიდან საკმაოდ მაღალი იყო. შემოსული მოგება, ხელფასის გარდა, სრულად ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს ხმარდება. ტერიტორიაზე არსებულ სათბურში როზარიუმიც არის განთავსებული, სადაც ქალებს ვარდის სხვადასხვა ჯიშები გამოჰყავთ. სამომავლოდ, ორგანიზაცია ონლაინ მაღაზიის გაკეთებასაც გეგმავს.

„გვაქვს არტ თერაპიაც, ქალებთან და ბავშვებთან ფსიქოლოგი მუშაობს. არტ თერაპიის ფარგლებში, ისინი ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან. გვინდა, რომ ონლაინ მაღაზია გავაკეთოთ, სადაც ჩვენთან მოყვანილი ვარდები და მათი ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება“, – ამბობს ნატო შავყალაძე.