LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 2024 წლიდან 15%-ის ნაცვლად და 20% იქნება – რატომ აღარ გავა საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

20
ესტონური მოდელი

ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე, – შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო და შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს მიმართავს. პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ მოგების გადასახადი ბანკებისთვის 2024 წლიდან 15%-ის ნაცვლად და 20% იქნება, ამით მთავრობა დამატებითი შემოსავლების მიღებას ვარაუდობს.

მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ბიზნესისთვის 2018 წლიდან ამოქმედდა, რომელიც მას მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება.

მაშინ ითქვა, რომ მოგების გადასახადის აღნიშნული მოდელი საფინანსო სექტორზე 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. უკვე გაირკვა, რომ ბანკებისთვის მოგების გადასახადი არათუ გაუქმდება, არამედ გაიზრდება.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად სოსო ბერიკაშვილი – კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი საუბრობს.

– სოსო, პირველ რიგში შევაფასოთ ეს გადაწყვეტილება. როგორი გზავნილია საქართველოს ტიპის ქვეყნისგან, როდესაც რაღაც გადასახადს ზრდის?

– პირველ რიგში თქვენს ნათქვამში შევიტან განმარტებას, ბანკებისთვის მოგების გადასახადის  გაუქმებაზე არც იყო საუბარი, საუბარი იყო ესტონურ მოდელზე გადასვლაზე. რაც ნიშნავს რეინვესტირების განთავისუფლებას და არა ზოგადად გადასახადისგან გათავისუფლებას. გადასახადის გაზრდას ჩვენ ორგანული კანონით აკრძალული გვაქვს. უბრალოდ დატოვებულია მექანიზმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ დროებით, 3 წლის ვადით, გაიზარდოს გადასახადი და როგორც ჩანს ამ მექანიზმს გამოიყენებენ.

არსებობს სხვა მექანიზმიც, რეფერენდუმი, ანუ აქციზის გარდა სხვა გადასახადის გაზრდა არ შეიძლება რეფერენდუმის გარეშე. ხალხს უნდა ჰკითხო, ხომ არ გინდა ახალი გადასახადის დაწესება, ან გადასახადის გაზრდა.

მაგრამ ეს კონკრეტული ამბავი, ბანკებთან დაკავშირებული, პროპაგანდის (და არამარტო ამის გამო), ხალხს რომ ჰკითხო, შეიძლება გიპასუხონ,  ბანკებს ხომ არ გავუზარდოთ გადასახადიო.  ჯერ არ ვიცით, რას აპირებენ და ესაა მთავარი პრობლემა ამ ხელისუფლების. რაღაც გადაწყვეტილებების მთავრობის სხდომაზე მიიღებენ და მერე გზაში დაგვაწევენ ხოლმე, კონკრეტულად რას გულისხმობენ.

მოკლედ, რომ განვმარტოთ, აქამდე ფინანსური სექტორი ესტონურ მოდელზე არ იყო გადასული, უნდა გადასულიყო 2019 წელს,  მერე გადავადდა, ახლა გამოდის, რომ საერთოდ აღარ აპირებენ და ეს არასწორი მიდგომაა.

რაღაცას რომ ამბობ, ის უნდა განახორციელო რომ მეკითხებიან ამ მთავრობის ეკონომიკური  პოლიტიკის კარგი რამ დაასახელეთ, პირველ რიგში ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლის გეგმა მახსენდება, რაც ცალსახად კარგი იყო და საბოლოო ჯამში დადასტურდა, რომ შემოსავლებიც კი საშუალოვადიან პერიოდში არ შემცირებულა ბიუჯეტისთვის. ამიტომ მგონია, რომ ამაზე უარის თქმა და უკან დახევა, არაა გამართლებული. თან პოპულისტური ამბავია. სინამდვილეში ყველას გვესმის, რომ ბანკებს დავჩაგრავთ უფრო მეტად იმიტომ, რომ მაღალი მოგება აქვთ.

– კი მაგრამ საზოგადოების რეაქციები, სოციალურ ქსელში რასაც დავაკვირდი, ძალიან ადეკვატური იყო. 

– კი მაგრამ სოციალური ქსელი არ ასახავს მთელი ქვეყნის განწყობას. პრობლემის არსი აქ იმაშია, რომ ბანკებს გადასახადს კი გაუზრდი, მაგრამ მოგებას ხომ მაპინც არ უკონტროლებ. რომ გაუკონტროლო ეგ კიდევ სხვა პრობლემებს ქმნის. შესაბამისად ბანკები გააძვირებენ პროცენტს და ხალხისგან ამოიღებენ დანაკლისს.

– ამ ყველაფერს თემით დაინტერესებული სოციალური ქსელის მომხმარებლები მიხვდნენ..

– მაგრამ ამას რამდენად მიხვედება საზოგადოება, რთული სათქმელია. ჯერ დრო არის. გეგმის განხორციელებას აპირებენ 2024 წლის დასაწყისიდან და რა ფორმა მიეცემა ამას, ვნახავთ.

ფინანსურ სექტორში შედის როგორც ბანკები, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ითქვა, რომ მიკროსაფინანსოებს შეეხებათ და სადაზღვევოებს არ შეეხებათ. ანუ კონკრეტული სუბიექტებისთვის განსხვავებული ტარიფების დაწესება, ასე მოქცევა სწორი არაა და მე რამდენადაც მესმის,  გადაწყვეტილება კონსტიტუციაშიც მთლად შესაბამისობაში არაა.

– როგორ ფისკალურ ეფექტს შეიძლება, ველოდოთ, როცა ვხედავთ ბიუჯეტს როგორ ხარჯავს „ქართული ოცნების“ მთავრობა და სხვა მთავრობები როგორ ხარჯავდნენ, ძალიან კარგად ვიცით. ამ ფონზე მაქსიმუმ  100 მილიონი ლარი შევა ბიუჯეტში, ღირს იმ ყველაფრად, რაზედაც შენ საუბრობ?

– ბიუჯეტისთვის ფისკალურად არაა მომგებიანი ამბავი. უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ისევე როგორც იყო სათამაშო ბიზნესთან მიღებული გადაწყვეტილება.

მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, როგორც კი გადასახადს გაზრდი, შემოსავალი მოიმატებს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში სხვანაირად იმუშავებს.

ამ კონტექსტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავია განსახილველი. საუბარი იყო დივიდენდის გადასახადის გაუქმებაზე. თუ დივიდენდზე გადასახადს აუქმებენ, რაც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ იდეაში არაფერი იცვლება, რადგან 20 % შეაქვთ მოგების გადასახადში.

მაგრამ მეორეს მხრივ კონკრეტული ბანკებისთვის, რაღაც შეიძლება, შეიცვალოს, რადგან პრაქტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ დივიდენტზე გადასახადი გვაქვს 5%, არ იხდიდნენ, რადგან ბანკებს, რომლებსაც უცხოელი დამფუძნებლები ჰყავს, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებით, ისინი არ იხდიდნენ დივიდენდს.

მაგრამ რეალობა შეიძლება, რომ განსხვავებული დადგეს სხვადასხვა ბანკებისთვის.

– მეც ამის  მოლოდინი მაქვს, რადგან ზოგი ბანკი საერთოდ ზარალზე გადის, მოგებასაც ვერ წერს და მათთვის შეიძლება, რომ დიდად სანერვიულო სულაც არ იყოს ეს გადაწყვეტილება.

ცხადია, მოგებაზე ვინც არ გადის, მათ არაფერი შეეცვლებათ და მით უფრო დიდი ბანკებისთვისაც თუ არაფერი შეიცვლება, პატარა ბანკების დაბეგვრა ფისკალურად რამდენად მნიშვნელოვანია, საერთოდ არ მესმის.  ბოლო 19 წელი გადასახადები უქმდებოდა, ან მცირდებოდა და ახლა რომ რაღაც გადასახადს ზრდი, რამდენად კარგია ეს საინვესტიციო თვალსაზრისით?

– გადასახადის ზრდის გზავნილი ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არაა. იმიტომ გვაქვს ორგანული კანონი მიღებული, რომ გვქონდეს ჩამკეტი მექანიზმები. როგორც აღმოჩნდა,  ამ მექანიზმებს აქვს შემოვლითი გზები. მსგავსი რამ გააკეთეს საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, რომელიც 15 % უნდა ყოფილიყო და დღეს 20% გვაქვს.

საქართველოში შედარებით მსუბუქი საგადასახადო ტვირთი გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვისთვის.

ამიტომ ეს განაცხადი არის არასასარგებლო იმიჯისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g