11 წლის წინ, ზესტაფონში მომხდარმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა – 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონის ერთ-ერთ პარკში, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა. სერგი საცერაძეს სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი კი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სალომეს ძმამ, 34 წლის ლაშა ჯორბენაძემ. სამწუხარო ინფორმაცია ლაშას და სალომეს დედამ, ფატი ჭელიშვილმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა:
„დედას აღარ ჰყავს თავის მოსიყვარულე თბილი და ნიჭიერი შვილები. დედის დღეს ზეციდან მილოცავენ. მე დედას, რომელსაც ორივე ფრთა მოამტვრიეს…
შენს შვილსაც ვერ ჩაეხუტები ბოლოჯერ. რა საშინელება ყოფილა ღმერთო… ამდენი სიმწარე… როგორ გავძლო ჩემო ანგელოზებო“, – დაწერა ფატი ჭელიშვილმა, რომელმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში კიდევ რამდენიმე სტატუსი გაავრცელა.
დედას აღარ ყავს თავის მოსიყვარულე თბილი და ნიჭიერი შვილები😭😭😭დედის დღეს ზეციდან მილოცავენ😭😭 მე დედას,რომელსაც ორივე ფრთა…
Posted by Fati Chelishvili on კვირა, 02 მარტი, 2025
„მე ბავშვობიდან ვიცოდი შვილები მარხავდნენ მშობლებს. მე აღარ მყავს შვილები და რატომ? პასუხი? ჩემს წინაშე ვინ არის დამნაშავე? ამდენი ვიბრძოლე უსამართლობის წინააღმდეგ 11 წელი… და დაიწერა ისტორია რომელმაც მე დამასამარა… მე შვილები აღარ მყავს“, – დაწერა ფატი ჭელიშვილმა.
მე ბავშვობიდან ვიცოდი შვილები მარხავდნენ მშობლებს😭😭😭მე აღარ მყავს შვილები. და რატომ? პასუხი?ჩემს წინაშე ვინ არის…
Posted by Fati Chelishvili on სამშაბათი, 04 მარტი, 2025
„მე დღეს შვილები აღარ მყავს და რატომ? ყველას აინტერესებს…
დაიწერა ერთი უდანაშაულო ოჯახის ისტორია 11 წლის შემდეგ… შვილებო, მოგიკვდათ დედა“, – წერს ფატი ჭელიშვილი.
ერთ წელზე მეტია, სალომე და ლაშა ჯორბენაძის მშობლები და სალომეს შვილი საქართველოდან საცხოვრებლად გერმანიაში წავიდნენ – მათ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვეს.
ფატი ჭელიშვილს გერმანიაში „კვირის პალიტრა“ დაუკავშირდა – მედიასაშუალებასთან გარდაცვლილი და-ძმის დედა ამბობს, რომ შვილთან გამომშვიდობება არ შეუძლია, რადგან გერმანიაში პოლიტიკური სტატუსით იმყოფება და ქვეყანას ვერ დატოვებს. როგორც ფატი ჭელიშვილი ამბობს, მას „სალომეს მკვლელმა ორი შვილი მოუკლა“:
„11 წლის წინ იზრუნა სალომეს მკვლელმა იმისთვის, რომ ჩემი შვილები ამ წუთისოფლიდან გასულიყვნენ. ლაშამ დის გარდაცვალება მაშინ სოციალური ქსელიდან გაიგო. ამ დროს ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის საუკეთესო სტუდენტი იყო, ფაქიზი სულის ბიჭი გახლდათ და ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს, ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. მას შემდეგ, 2014 წლიდან ვმკურნალობდით.
ახლა მალე გამოვა მკვლელი და როგორ შევხვდე ჩემი დის მკვლელს, თავს ვერ შევიკავებ და მოვკლავო, ამბობდა ლაშა, მაგრამ ჩემი შვილი მოძალადე არ იყო, ჩემი შვილი მორწმუნე იყო, ტაძრებში დადიოდა. იმის სიკვდილს თავის სიკვდილი და დასთან წასვლა არჩია. იგივე მიზეზების გამო მე, ჩემმა მეუღლემ და ჩემი სალოს, იგივე ჩემმა შვილმა – სანიმ გასული წლის იანვარში ქვეყანა დავტოვეთ, მაგრამ ლაშა არ წამოგვყვა. ეგონა, ყველაფერს მარტო, რწმენის დახმარებით გაუძლებდა, მაგრამ დეპრესიაში რომ ვარდებოდა, ეშმაკი შეუჩნდებოდა, ანტიდეპრესანტებზე უარს ამბობდა და გაზაფხულის პირველ დღეს, ასეთი ტრაგედია მოხდა.
ასე მომიკლა ორი შვილი სალომეს მკვლელმა.
სალო რომ მომიკლეს, ლაშა ქუთაისში გადმოვიდა და ბოლო კურსი აქ დაამთავრა. ლექტორი ფიზიკის კათედრაზე ტოვებდა, მაგრამ უარი თქვა, ანტიდეპრესანტს ვსვამ და ბავშვებთან ვერ ვიმუშავებო. გაგიჟდა კაცი, ასეთ დროს ადამიანი ვერაფერს იმახსოვრებს და შენ ვინ ხარ ასეთიო?.. დღეს ასეთი შვილები აღარ მყავს. არ ვიცი, როგორ გავუძლო ამ ყველაფერს, თან სანდროც ნერვიულობს ჩემს ტირილზე და ორ ცეცხლს შუა ვარ… ვერც მოვდივართ, საბუთები არ გვაქვს, პოლიტიკური სტატუსი გვაქვს.
ჩემს უბედურ შვილს სხეულის 50% აქვს დამწვარი. ფარდულში შიგნიდან ჩაუკეტავს კარი, ბენზინი სანამ არ აალდა, ვერ გაუღიათ. 1,85 მ სიმაღლის ვაჟკაცი როგორ შეეტია იქ.
მოგიკვდი, დედი. ყოველთვის აინტერესებდათ, რა მოხდებოდა 11 წლის შემდეგ, როცა მკვლელი გამოვიდა და აი, დაიწერა ისტორია ჯორბენაძეების, რომელიც ერთადერთი გვარი იყო ზესტაფონში. ბათუმიდან წლების წინ სამსახურის გამო წამოსული ბედნიერი ოჯახი ახლა ასე განადგურებულია“, – ამბობს ფატი ჭელიშვილი „კვირის პალიტრასთან“.
ცნობისათვის, 2022 წლის 10 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილი აღნიშნული ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით“, მკვლელობამდე სალომე ჯორბენაძე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა.
„მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა“, – აცხადებდნენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.