მოგმართავთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე წარვადგინოთ თავისუფლების საპარლამენტო ორდენზე, დავაჯილდოვოთ ამ ორდენით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეზე საუბრისას განაცხადა.
“მოგეხსენებათ, რომ მან განუზოლმად დიდი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში, ის, როგორც პარლამენტის წინა თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა საკონსტიტუციო რეფორმას. ეს გახლავთ რეფორმა, რომელიც არერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა სხვა მოწვევების პარლამენტში არაერთხელ სცადა, რომ გაეტარებინა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ეს წინა შემთხვევებში ვერ მოხერხდა, თუმცა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ შეძლო ამ რეფორმის წარმატებით დასრულება.
რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საამაყოა, რომ არაერთი ჩვენგანი გახლდით ამ პროცესში ჩართული და გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, მოგმართავთ, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დავაჯილდოვოთ, ვფიქრობ, რომ ეს იქნება სიმბოლური, მოკრძალებული აღნიშვნა იმ წვლილის, რაც მან შეიტანა კონსტიტუციის, შესაბამისად, დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების პროცესში.
კანონმდებლობით საპარლამენტო ორდენით დაჯილდოების ნაწილი გახლავთ ფულადი ჯილდო. მე მქონდა მასთან კონსულტაცია და მინდა გითხრათ მისი სურვილის შესახებ – ბატონი ირაკლი კობახიძე გეგმავს, რომ ეს თანხა გადაურიცხოს ონკოლოგიური დიაგნოზების მქონე ბავშვებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.