ია ყაყიჩაშვილი ცოტა ხნის წინ ქართველ მეწარმეთა ერთ-ერთ გამოფენაზე გავიცანი. გარდა იმისა, რომ მის დახლზე გამოფენილმა, ტიხრულ მინანქარში შესრულებულმა ნაკეთობებმა მიიქციეს ჩემი ყურადღება, მისი სახელოსნოს სახელწოდებამაც მომხიბლა – „Moira Jewellery“. ია სახელოსნოს თანადამფუძნებლად გამეცნო და დიდი სიხარული გამოხატა ინტერვიუს ჩაწერის შეთავაზებაზე, როგორც შესაძლებლობაზე, „ფორტუნას“ ფართო აუდიტორიას მოუყვეს სახელოსნოს შესახებ, წარმოაჩინოს, რას და როგორ აკეთებს:

– მიუხედავად იმისა, რომ სახელოსნო უკვე დიდი ხანია არსებობს და 2009 წლიდან მუდმივად ვქმნით ხელნაკეთ ნივთებს, „მოირა“-ს ბრენდის ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ 2020 წელს მოვიცალეთ. ამას, ნაწილობრივ, კოვიდ-19 პანდემიის პერიოდმა და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა შეუწყო ხელი. როდესაც ცხოვრება გაჩერდა და სახლში მოგვიწია ბევრი დროის გატარება, მოგვეცა შესაძლებლობა, დისტანციურად მიგვეღო მონაწილეობა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების სერიაში. ამ პროგრამის ფარგლებში საჭირო იყო, ჩვენი ხელნაკეთი პროდუქციისთვის ჩვენი საქმიანობის არსის შესატყვისი სახელი მოგვეფიქრებინა. სწორედ მაშინ დაიბადა „მოირას“ იდეა. შთაგონება მივიღეთ ბერძნული მითოლოგიიდან, სადაც მოირები (ბედის ქალღმერთები) ადამიანის ბედ-იღბალს ართავდნენ და წყვეტდნენ მის გზას. ჩვენთვის ეს იყო შესანიშნავი ანალოგია, რადგან ჩვენს სახელოსნოშიც თითოეული ნაკეთობა წვრილ, ფაქიზ ძაფებად ებმება, ხოლო მათი სიგრძე და ხასიათი საბოლოო ნაწარმს განსაზღვრავს. სახელწოდება იმდენად მოგვეწონა, რომ მოგვიანებით, როდესაც უკვე სერიოზულად დავიწყეთ სოციალურ ქსელებში ბრენდის მართვაზე ფიქრი, გადავწყვიტეთ, ის სამუდამოდ დაგვეტოვებინა.

– ვინ საქმიანობთ სახელოსნოში და რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტულად ტიხრული მინანქრის მიმართულებით მუშაობა?
– „მოირა“ ქართული ტრადიციული ტიხრული მინანქრის საოჯახო სახელოსნოა, მასში ჩართულები ვართ ადამიანები სხვადასხვა პროფესიული გამოცდილებითა და ინტერესებით. ყველაფერი კი ნინომ (დედამ) დაიწყო, როდესაც მინანქრის ხელოვნებით დაინტერესდა. მას მალევე შეუერთდა უფროსი ქალიშვილი თამარი, შემდეგ მე – ნინოს დისშვილი, მოგვიანებით ნინოს უმცროსი ქალიშვილი – სოფოც და ასე შეიკრა ჩვენი სახელოსნოს ოჯახური გუნდი.
სახელოსნოს სახლში მოწყობა ნამდვილად დიდი გამოწვევაა, რადგან ხშირად იშლება ზღვარი პირად და სამუშაო სივრცეს შორის. სახლში ყოველთვის ისმის მოსახვეწი ბურღის გუგუნი, მეტალის ბასრი ხმები ან ღუმლის ტკაცუნი, რაც იმის ნიშანია, რომ საქმე არასდროს ჩერდება. თუმცა სწორედ ეს ხმები ქმნიან ჩვენი ყოველდღიურობის ფონს, რომელიც, შესაძლოა, თავიდან სტრესული ჩანდეს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი შემოქმედებითი პროცესის ნაწილია.

ხშირად ვდავობთ მოდელების დიზაინზე, ვარჩევთ ფერებს და ვმსჯელობთ კომპოზიციებზე. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი სტილი აქვს, რაც ჩვენს ნამუშევრებს ხასიათს სძენს. თუ, მაგალითად, ოთხივემ ერთი და იგივე ნაკეთობა უნდა შევქმნათ, საბოლოოდ, მაინც ოთხი განსხვავებული ნამუშევარი გამოგვდის, რადგან თითოეულს ინდივიდუალური ხედვა და გემოვნება აქვს. ერთი ტიხარი შეიძლება სულ სხვადასხვანაირად ჩავდოთ, ფერიც განსხვავებულად გამოვიყენოთ, საბოლოო მოხვეწისას კი ნაკეთობა კიდევ უფრო გამორჩეული გამოვიდეს. სწორედ ესაა ამ საქმიანობის სილამაზე – დაწყებიდან დასრულებამდე ყველას საკუთარი, უნიკალური გზა აქვს გასავლელი. ამასთან, ტიხრული მინანქრისთვის არ არსებობს სრულყოფილების ზღვარი, ყოველ წელს ვიხვეწებით. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენი პირველი ნამუშევრების ფოტოებს რომ ვუყურებთ, ვხედავთ, რამდენად დიდი განსხვავებაა. დარწმუნებული ვარ, ათი წლის შემდეგაც, განვითარებული უნარების პერსპექტივიდან, დღევანდელ ნამუშევრებსაც კრიტიკული თვალით შევხედავთ. ამიტომაც ვართ ტიხრული მინანქრით დაკავებულები, რადგან შეუძლებელია ოსტატობის მაქსიმუმს მიაღწიო – ყოველდღე აცნობიერებ, რომ უფრო დახვეწილი იდეის განხორციელება შეგიძლია, ანუ ეს პროცესი უსასრულოა. დღეს ყველანი ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვხატოთ ჩვენი უნარები და ინტერესები. მაგალითად, მე ფერების ჩაწყობა მიყვარს ყველაზე მეტად, ჩემს დას – დიზაინის მოფიქრება, დედას კი ტიხრებისგან არატრადიციული, ასიმეტრიული კომპოზიციების შექმნა. საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენი ნამუშევარი მომხმარებელთან ხვდება და მათგან დადებით გამოხმაურებას ვიღებთ, ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა ჩვენთვის.

– რა ტიპის ნაკეთობები იქმნება თქვენთან, რა მასალებით მუშაობთ?
– ჩვენ უმეტესწილად ვქმნით სამკაულს ვერცხლისგან – ეს არის საყურე, სამაჯური, ათასნაირი გულსაკიდი თუ ბეჭედი. ასევე ვქმნით სამკაულს მამაკაცებისთვის, რადგან ძალიან გვინდა, რომ მინანქრის აქსესუარი მხოლოდ ქალის სამკაულთან არ იყოს ასოცირებული.
– რა წარმოადგენს ტიხრულ მინანქარზე მუშაობის განსაკუთრებულ ხიბლს, ასევე გამოწვევას?
– მიუხედავად ჩვენი გამოცდილებისა, შეუძლებელია ნაკეთობის გამოწვამდე ზუსტად იცოდე, შედგება თუ არა ფერის და ტიხრის კომბინაცია. რაც უნდა მოიფიქრო, დახატო და წარმოიდგინო, მხოლოდ გამოწვის შემდეგ ჩანს, შეძელი თუ არა საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება. ეს მოთმინებას გასწავლის და ნებისყოფას წვრთნის. არის ხოლმე დღე, როდესაც ყველაფერი შეიძლება გააფუჭო, ფერი გამოიწვას, მაგრამ არ გამოჩნდეს კარგად ის, რაც გინდოდა. ასეთ დროს აჯობებს, რამე სხვა გააკეთო. გაფუჭებული ნივთი უნდა დატეხო ან/და ფტორის მჟავაში გაუშვა. ეს ხიბლიც არის და გამოწვევაც. თუ მრავალი ასეთი წარუმატებელი დღის შემდეგ ისევ შემოგრჩება ინტერესი, რომ იგივე საქმეს მეორე დღეს მოკიდო ხელი, ესე იგი, ეს საქმე ნამდვილად შენია. ტიხრული მინანქარი ნამდვილად ავითარებს სიმტკიცესა და დისციპლინას, ეს დროით გვაქვს დაცდილი.

– მესმის, რომ თითოეულ ნაკეთობას თავისი სირთულე და სპეციფიკა ახლავს, მაგრამ, საშუალოდ, რა დრო სჭირდება ერთი ნაკეთობის დამზადებას?
– ძირითადად, 5-7 დღე სჭირდება. ეს არის სრული ციკლი – ჩამოსხმიდან მიღებული ყალიბის სახლში მოტანიდან, მის საბოლოო მოხვეწასა და სადემონსტრაციოდ მომზადებამდე. თუმცა გვქონია საავტორო ნამუშევრები, რომელთა შექმნას ბევრად უფრო დიდი დრო დასჭირვებია. ეს დამოკიდებულია ნამუშევრის სირთულეზე. ზოგჯერ, როდესაც ახალი დიზაინის დატესტვას ვიწყებთ, შეიძლება დავამზადოთ ერთი და იგივე ნამუშევრის რამდენიმე ვერსია, იმის მიხედვით, რა მოეწონა ჩვენს მომხმარებელს, რა ფერთა შეთანხმებას მიანიჭა უპირატესობა. ზოგჯერ ერთი ჩანაფიქრი, იდეის რეალიზაციის შემდეგ, იცვლება და მომხმარებლის გემოვნებას უკეთ ესადაგება. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებს. როგორც წესი, მათ ვთავაზობთ სხვადასხვა კომბინაციას – იქნება ეს ფერთა შეხამება, ყალიბის ფორმა თუ ტიხრების გაწყობა. მომხმარებელთან ასეთი კომუნიკაცია მათ არჩევანის კეთებას უადვილებს და სწორ მოლოდინს უყალიბებს. რაც გამოფენებსა და ღია სივრცეებში გამოსვლა დავიწყეთ, მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდა პირისპირ დაგვენახა ჩვენი მომხმარებელი, მოგვეცა შესაძლებლობა, ბევრ კითხვაზე მიგვეღო პასუხი. ჩვენი სამიზნე აუდიტორიის გაცნობა, სწორედ რომ მსგავს საგამოფენო სივრცეებში ხდება.

– ძირითადად ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
– რაც ჩვენი გაყიდვების არხების განვითარება დავიწყეთ, ფუნქციები გავანაწილეთ, რადგან მომხმარებელთან ურთიერთობა გარდა იმისა, რომ დიდი ძალისხმევას მოითხოვს, დიდი დროც მიაქვს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, დროულად ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს, ვესაუბროთ მათ ენაზე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი მუდმივი მომხმარებელი, რომელიც ხშირად ანებივრებს საყვარელ ადამიანებს სამკაულით, მინანქარს „მოზაიკას“ უწოდებს. ასევე გვყავს მომხმარებლები, რომელთა გამოჩენაც ყოველთვის გვახარებს და რომლებიც ხშირად გვაწვდიან საინტერესო იდეებს. ჩვენ ვუსმენთ მათ, ვაანალიზებთ მათ მოსაზრებებს და ვცდილობთ, ეს იდეები ჩვენს მოდელებში ავსახოთ. ეს უწყვეტი პროცესია და ვფიქრობთ, რამდენიც უნდა ვეცადოთ, ყოველთვის მოგვიწევს ჩვენი მომხმარებლების უკეთ შესწავლა, მათი საჭიროებების უკეთ გაგება.

– ცვლის თუ არა რაიმეს დრო და ტექნოლოგიები თქვენს საქმიანობაში?
– ბუნებრივია, დროთა განმავლობაში იხვეწება ხელსაწყოები და ჩნდება უფრო ტექნოლოგიურად განვითარებული ღუმელები, სადაც ტემპერატურის კონტროლი უფრო მარტივია. თუმცა ძირითადი იდეა მაინც უცვლელი რჩება – შეიძლება შემცირდეს მასალის დამუშავების დრო, მაგრამ შემოქმედებითი პროცესი, სადაც ფერების არჩევანსა და ტიხრების კომპოზიციაზე ფიქრობ, ყოველთვის ინდივიდუალური და უნიკალური რჩება.
– როგორ იბადება თითოეული ნამუშევარი, რით საზრდოობს თქვენი შთაგონება, რომელიც შემდეგ კონკრეტულ ფერებად და ფორმებად გარდაიქმნება?
– ეს ყველაზე რთულია ჩვენს საქმიანობაში, ვინაიდან იდეის განხორციელებას ხშირად ბევრი ექსპერიმენტი სჭირდება – სამკაული არ უნდა იხსნებოდეს იოლად, ასევე არ უნდა იყოს ზედმეტად მძიმე, რომ დისკომფორტი არ შექმნას მომხმარებლისთვის. გარდა ამ ტექნიკური ამოცანებისა, ჩვენ მუდმივად გვაქვს მიზანი, რომ ჩვენი ნაკეთობები იმ ფერთა გამაში იყოს, რომელიც თავად მოგვწონს. ასევე მიგვაჩნია, რომ ნამუშევრები უნდა იყოს მრავალფეროვანი.

როგორც წესი, იანვარში ვიწყებთ ხოლმე ახალი იდეების განხორციელებას, წლის განმავლობაში კი ასორტიმენტი იხვეწება. ზოგიერთი მოდელი, რომელიც მოწონებას იმსახურებს, განმეორებით მზადდება, ზოგჯერ კი მხოლოდ ერთ, უნიკალურ ეგზემპლარად იქმნება. საბოლოოდ, ჩვენი დევიზი მაინც მრავალფეროვნებაა. ვთვლით, რომ ზოგიერთი მოდელი უკვე „დაღლილიც“ არის, რადგან ბევრჯერ შევასრულეთ, მაგრამ სანამ ის მომხმარებელს იზიდავს და მოწონებას იმსახურებს, იქამდე ვამზადებთ ხოლმე.
მინანქარში შეუძლებელია ორი იდენტური ნამუშევრის შექმნა – გამეორებული მოდელიც კი თავის წინამორბედისგან ოდნავ განსხვავებული იქნება. ფერთა შეხამება ყოველთვის შემოაქვს განხეთქილება ჩვენს საქმიანობაში, რადგან, ალბათ, გაცვეთილ გამონათქვამს თუ გავიმეორებთ, „გემოვნებაზე არ დავობენ“, მაგრამ სწორედ ამაზე ვდავობთ ყველაზე ხშირად.

– საკუთარი რომელი ნამუშევრით ყოფილხართ ყველაზე უფრო კმაყოფილი?
– ამ წლების განმავლობაში უამრავი ნაკეთობა შეგვიქმნია, მაგრამ, ალბათ, ოთხივესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის პირველი ნამუშევარია, რომელიც სრულყოფილებისგან საკმაოდ შორსაა. ახლა რომ ვუყურებთ, შეიძლება ძალიან პრიმიტიულადაც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ ყოველთვის გვახსენებს იმ დღეს, როდესაც ის შეიქმნა. შესაძლოა, ბევრი ნამუშევარი, რომელიც წლების განმავლობაში გაგვიკეთებია, დღეს აღარც გაგვახსენდეს, მაგრამ კმაყოფილების და სიამაყის შეგრძნება, რომელიც იმ პირველ ნაკეთობას ახლდა, ყოველთვის გვემახსოვრება.

– განსაკუთრებული შეფასება, რომელიც რომელიმე ნამუშევართან დაკავშირებით მიგიღიათ და რომლის შემდეგაც გიფიქრიათ, რომ ზუსტად გაქვთ ნაპოვნი თქვენი საქმე.
– ნამდვილად განსაკუთრებულად გვახსოვს შემთხვევა, როდესაც ერთმა ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ქალიშვილისათვის ბუს ფორმის გულსაკიდი და მეუღლისთვის საყურე შეუკვეთა. ჩვენ ეს შეკვეთა ადრესატს ბათუმში გავუგზავნეთ და გოგონას, ვისთვისაც გულსაკიდი გავაკეთეთ, სახელოსნოშიც დავპატიჟეთ. მართლაც, გარკვეული დროის შემდეგ ოჯახი თბილისში ჩამოვიდა და სახელოსნოში გვესტუმრა. ჩვენ დიდი სიხარულით მივიღეთ ეს შესანიშნავი ოჯახი. ჩავუტარეთ მასტერკლასი და ვაჩვენეთ, როგორ ვქმნით ჩვენს ნაკეთობებს. თავადაც მივეცით შესაძლებლობა, პატარა ნაკეთობა დაემზადებინათ. მშვენიერი და დასამახსოვრებელი დღე გავატარეთ. წასვლისას მეუღლემ მორცხვად გამოგვიწოდა მის მიერ დახატული აკვარელის ნახატი, რომელზეც ჩვენი სიამის კატა იყო გამოსახული და რომელსაც ის ნაკეთობები ეკეთა – ბუს გულსაკიდი და საყურე, რომლებიც ჩვენთან შეიძინეს. ეს დღე და ეს საჩუქარი დღემდე ყველაზე სამახსოვროა ჩვენი სახელოსნოსთვის. ნახატი საპატიო ადგილზე გვიკიდია და გვახსენებს, რამდენი სიხარულის და დადებითი განწყობის მოტანა შეუძლია ჩვენს საქმეს.

– წეღან აღნიშნეთ, რომ გამოფენებში ხშირად მონაწილეობთ. ასეთი ტიპის ღონისძიებებზე საკუთარი პროდუქციის წარდგენის მნიშვნელობასაც შევეხოთ.
– გამოფენების ორგანიზება და მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ, შეიძლება ითქვას, ყველა იმ ხელოვანი მეწარმისთვის, ვინც საქართველოში საკუთარი საქმიანობის შენარჩუნებას და განვითარებას ცდილობს. გამოფენების მოწყობა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, რომელიც მრავალმხრივ ძალისხმევას მოითხოვს. ეს გულისხმობს არა მხოლოდ სწორ კომუნიკაციას მეწარმეებთან, არამედ საგამოფენო სივრცის სწორ შერჩევას, აუდიტორიის გათვლას და იმ ნიუანსების გათვალისწინებას, რომლებიც ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს გამოფენის წარმატებაში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ ხელოვნების ბაზარს, ესმით მეწარმეების საჭიროებები და შეუძლიათ შექმნან ისეთი გარემო, სადაც შემოქმედი საკუთარ ნამუშევრებს სათანადოდ წარმოაჩენს.

– გამოფენების გარდა, სად არის შესაძლებელი თქვენი ნაკეთობების დათვალიერება-შეძენა?
– თბილისში სუვენირების რამდენიმე ცნობილ გალერეასთან ვთანამშრომლობთ. ეს მრავალწლიანი და მყარი პარტნიორობაა, ამიტომაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ არა მხოლოდ გაყიდვებს, არამედ გალერეების საქმიანობასაც – ვცდილობთ, ჩვენი ნამუშევრები ისეთ სივრცეებში განთავსდეს, სადაც მათი მხატვრული ღირებულება ეცოდინებათ. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი ნამუშევრების ონლაინ პოპულარიზაციაზეც. გვაქვს ინსტაგრამისა და ფეისბუკის გვერდები, სადაც ვათავსებთ ჩვენი ნამუშევრების ამსახველ ფოტოებს, ვყიდით მათ და აუდიტორიას ვეცნობით. ასევე, ბევრი წელია, რაც საერთაშორისო პლატფორმაზე Etsy გაყიდვების გაზრდას ვცდილობთ. ეს საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა და გვჯერა, წარმატებას მივაღწევთ. იმედია, უახლოეს მომავალში შევძლებთ, შევქმნათ საიმიჯო ვებგვერდიც, რომელიც უკეთ წარმოგვაჩენს და საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ნამუშევრები უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ.

– რა არის „Moira Jewellery“-სთან დაკავშირებული თქვენი ყველაზე დიდი სურვილი?
– გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, რომ უფრო მეტ გამოფენაში მივიღოთ მონაწილეობა და როდისმე საერთაშორისო გამოფენაზეც შევძლოთ გასვლა. თუმცა, ალბათ, ყველაზე დიდი მიზანი, რომელიც გაგვაჩნია, სახელოსნოს ქალაქგარეთ, საკუთარ სახლში გადატანაა, სადაც უფრო ხშირად შევძლებთ სტუმრების მიღებას და გვექნება შესაძლებლობა, მეტი მასტერკლასი ჩავატაროთ. ტიხრული მინანქარი მასობრივი წარმოების პროდუქტი არ არის, არ არის ქარხნული წარმოების ნაკეთობა, ამიტომაც დიდი იმედი გვაქვს, რომ მუდმივად ცვალებად სამყაროში, სადაც წარმოების ტემპები ნამდვილად მაღალია, დარჩება ადგილი ხელით, ინდივიდუალური იდეით შექმნილი ნაკეთობებისთვის, რომელთაც ტიხრული მინანქარი ჰქვიათ.
