როგორ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ჯიბლიბო და ქალაზიონი, რატომ ვითარდება და როგორ ვუმკურნალოთ? – საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატოლოგმა, ზაზა თელიამ ისაუბრა.
სპეციალისტი ამბობს, რომ ამ ორ დაავადებას ხშირად ვერც ექიმები განასხვავებენ ერთმანეთისგან.
„ექიმებსაც კი ეშლებათ მათი განსხვავება ერთმანეთისგან.
ქალაზიონი როგორც წესი გვხვდება წამწამებიდან ცოტა მოშორებით, ჯიბლიბო კი წამწამების გასწვრივ ვითარდება. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ჯიბლიბო არის ინფექცია, ხოლო ქალაზიონი არ არის ინფექცია.
ორივე შემთხვევაში ხდება ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობა, თუმცა ჯიბლიბოს შემთხვევაში თან ერთვის ბაქტერიული ინფექცია.
ჯიბლიბო არ არის გადამდები.
ქალაზიონი და ჯიბლიბო შესაძლოა არასწორი პროდუქტების გამოყენებამ გამოიწვიოს, შესაძლოა ჰიგიენის ნორმების დარღვევამ. შესაძლოა სხვადასხვა მედიკამენტების გამოყენებამაც კი გამოიწვიოს და ა.შ.
ქალაზიონი შესაძლოა თვეები გაგრძელდეს, ჯიბლიბო კი ერთ ან ორ კვირაში გადის.
რაც შეეხება მკურნალობას – ქალაზიონის შემთხვევაში თბილი კომპრესებია საჭირო, რომ გაიხსნას დახშული ცხიმოვანი ჯირკვლები.
ხალხური მეთოდები არ არის რეკომენდებული მეცნიერული თვალსაზრისით.
რაც შეეხება მოხარშული კვერცხის და თბილი პურის დადებას, რატომ უნდა დავიდოთ ის თუ შეგვიძლია, რომ თბილ წყალში დასველებული საფენი დავიდოთ“, – ამბობს თელია.