“მოლაპარაკების პროცესში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არ მიმაჩნია სამართლიანად”,-ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” კრისტიან დანიელსონის მედიაციით განახლებულ მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა არსებობს არჩენებთან დაკავშირებით, გირჩისთვის წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნები აღარ არის. მისივე თქმით, „გირჩს“ აქვს ცალსახა პოზიცია საარჩევნო სისტემასა და ბარიერთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის სხვა საკითხია მნიშვნელოვანი, ეს არის ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნების მიღება. ზოგადად ადამიანთა მოზრდილ ჯგუფს ვგულისხმობ, მაგალითად 20 ათასიან ჯგუფს უნდა ჰქონდეს საშუალება საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში. 150 კაციან პარლამენტში 1 წარმომადგენელი – ეს არის ჩვენი მოთხოვნა”,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ერთკვირიანი პაუზის შემდეგ მოლაპარაკებები კვლავ განახლდა. საქართველოში დაბრუნებულმა კრისტიან დანიელსონმა, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან ერთად პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა დღეიდან დაიწყო. დასავლელი დიპლომატები ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ შეეცდებიან დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციების დაახლოებას და მათ შეთანხმებამდე მიყვანას.
კრისტიან დანიელსონმა განაცხდა, რომ მათ აქვთ პარტიებისთვის შესათავაზებელი წინადადებები, თუმცა კომპრომისი პოლიტიკოსებმა თავად უნდა გამონახონ.