მოლდოვა და საქართველო, ასევე ეკვადორი „რამშტაინის ფორმატში“ შტაბის უფროსების და თავდაცვის მინისტრების შეხვედრას შეუერთდნენ, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევას ეძღვნება.
ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
„რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, 45-ზე მეტმა მოკავშირემ და პარტნიორმა მთელი მსოფლიოდან, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწია. ეს ასახავს გლობალურ აღშფოთებას რუსული არაპროვოცირებული აგრესიის გამო და ეს ასახავს გლობალურ გადაწყვეტილებას, დაიცვას წესებზე დაფუძნებული წესრიგი“, – განაცხადა ოსტინმა და იქვე დასძინა: „დღეს მაქვს პატივი, ვუმასპინძლო 45-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს და შტაბის უფროსებს, ასევე ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს.“
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ოსტინმა კოლეგებს მოუწოდა, არ დაკარგონ დრო და დაასახელა იარაღის ტიპები, რომლებიც უკრაინაში მალე ჩავა. ოსტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ფსონები მაღალია“ და ბრძოლის ველზე გადამწყვეტი მომენტი დადგა.
Nato-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი ივნისის ბოლოს შეთანხმდება.
Reuters-ის ცნობით, 15 ივნისს თეთრი სახლი უკრაინის თავდაცვისთვის კიდევ 1 მილიარდ დოლარს გადასცემს.
