კეფალი, რომელიც გამომშრალი, დამარილებული სახით ძალიან ბევრისთვის საყვარელი კერძია, როგორც აღმოჩნდა, ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ზოგ შემთხვევაში, სიკვდილსაც კი იწვევს.
კეფალისგან ტრადიციულ კერძს ეგვიპტელები ამზადებენ, რომელიც ადგილობრივების გარდა, ტურისტებსაც ძალიან უყვართ. ამ სპეციფიური სუნის მქონე თევზს (feseekh) წესების ზუსტი დაცვით თუ არ მოამზადებთ, ის ბოტულიზმს იწვევს, ორგანიზმს წამლავს, რამაც საბოლოოდ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.
ყოველ წელს ეგვიპტის ჯანმრთელობის მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ თევზისგან თავი შორს დაიჭირონ. მაღაზიები კი, სადაც კეფალი იყიდება, მინისტრის ამ განცხადებას პროდუქციის რეკლამად აფასებენ.
პირველად, დაახლოებით 100 წლის წინ ოჯახმა, რომლის გვარი იყო შაჰენი, დამუშავებული და დამარილებული კეფალის გაყიდვა დაიწყო. დღეს კი, ეგვიპტეში მოქმედი თევზის მაღაზიების უმრავლესობა საკუთარ თავს შაჰენს უწოდებენ, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ ორი მაღაზიაა, რომელიც რეალურად შაჰენის ოჯახის საკუთრებაა.
რაც შეეხება რეცეპტს, ის ერთი შეხედვით მარტივია: თევზს აშრობენ მზეზე, დიდ ხის კასრებზე, საჭიროა მარილიანი წყალი და ზუსტად 45 დღე. თუ მარილი არასაკმარისია, ან წყალში უკვე მკვდარ თევზს აშრობენ, ბოტულიზმის ბაქტერია ორგანიზმში სწრაფად ვრცელდება. ავადმყოფს გულისრევა ეწყება, ბოლოს კი კიდურების დამბლა ემართება და შესაძლოა, ეს ყველაფერი ფატალური შედეგითაც დასრულდეს.
თევზს სპეციალური ადამიანი – ფასახანი ამზადებს. სწორედ ის გამოშიგნავს, ამარილებს და აშრობს თევზს მზეზე.
ადგილობრივები „ბიბისისთან“ საუბარში ყვებიან, რომ ბოლო პერიოდში გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც მინისტრის მოწოდებებს უკავშირებენ.
ზოგადად, გამომშრალი და დამარილებული კეფალი ეგვიპტურ კულტურასთან ასოცირდება და მას განსაკუთრებით გაზაფხულის ტრადიციულ შამ ელ ნესიმის დღესასწაულისთვის (ამ დღესასწაულის ფესვებს ფარაონების ხანასთან მივყავართ) ამზადებენ (ეს სიტყვასიტყვით ნიშნავს „ნიავის სურნელი“), თუმცა ადგილობრივები მას სხვა დღესასწაულებზე, ასევე პარასკევობითაც ხშირად მიირთმევენ.