2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს უკრაინა ვეღარ უმასპინძლებს.
„ევროვიზიის უკრაინაში ჩატარება შეუძლებელია“. აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები. განცხადება ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
„ობიექტური ანალიზის შედეგად, საბჭომ, ევროვიზიის კონკურსის მარეგულირებელმა ორგანომ, მწუხარებით დაასკვნა, რომ, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, უსაფრთხოების გარანტიებს მასპინძელი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს და ვერ შეძლებს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ჩატარებას წესების შესაბამისად.
მაუწყებელთა კავშირი გულითად მადლობას უხდის უკრაინის მაუწყებელს თანამშრომლობისა და ყველა შესაძლო სცენარის განხილვისთვის ბოლო კვირების განმავლობაში.
ვიზიარებთ მწუხარებას და იმედგაცრუებას, რომ მომავალ წელს კონკურსი უკრაინაში ვერ ჩატარდება”. – აღნიშნულია განცხადებაში.
მათი თქმით, კონკურსს 12 თვიანი მომზადება სჭირდება და უამრავი მაყურებელი ესწრება. ამიტომ გახდა საჭირო წესების შეცვლა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა კონკურსის მასპინძლობაზე საუბარი უკვე დაიწყო წლევანდელი ევროვიზიის მეორე ადგილზე გასულ ქვეყანასთან – გაერთიანებულ სამეფოსთან.