15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით, რამდენიმე ქალაქში, სტუდენტთა კვირეულისა და კამპანია – #მომავალიპედაგოგის ფარგლებში სტუდენტური ღონისძიებები გაიმართება. ინიციატივა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და 6 პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით ჩატარდება.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ცნობით, რომელიც მე-5 წელია საგანმანათლებლო პროექტებს წარმატებით ახორციელებს, გასულ წელს, იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, ვინც მასწავლებლის პროფესიას ეუფლება, სპეციალური სტიპენდიებიც დააწესა.
როგორც ფონდში ამბობენ, კამპანიის მიზანია – გახადოს მასწავლებლის პროფესია უფრო მიმზიდველი, პოპულარიზაცია გაუწიოს პედაგოგიური მიმართულებით სწავლას და ასევე, ერთმანეთს დააკავშიროს მოქმედი წარმატებული და მომავალი პედაგოგები.
მათივე ინფორმაციით, ერთკვირიანი აქტივობების ფარგლებში დაგეგმილია „ვორქშოფები“, როგორც პარტნიორ უნივერსიტეტებში, ასევე, სხვადასხვა სკოლებში.
ღია გაკვეთილებსა და „მასტერკლასებს“ ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში წარმოჩენილი მასწავლებლები, გამარჯვებული დირექტორები და განათლების ექსპერტები ჩაატარებენ.
კამპანიის ფარგლებში ფონდის სტიპენდიანტ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ თავად დაგეგმონ საინტერესო ღონისძიებები და ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა პროექტებში გამარჯვებული მასწავლებლები კი პროექტის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ამასთან ერთად, როგორც ფონდში ამბობენ, კვირეულის ფარგლებში სტიპენდიანტთა კლუბის პრეზენტაციაც იგეგმება, რომელიც 6-ვე უნივერსიტეტის სტუდენტებს გააერთიანებს.
ფონდის სასტიპენდიო პროექტის შესახებ: მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიებით დაფინანსების პროგრამა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა გასულ წელს საკუთარი ინიციატივით წამოიწყო.
აღნიშნული პროგრამა 6 სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება. ეს უნივერსიტეტებია: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, ზუგდიდის შ. მესხიას უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საერთო ჯამში, მიმდინარე სემესტრიდან სტიპენდიას მაღალი მოსწრების 60-მდე სტუდენტი იღებს.