LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავლის არმქონე რუსეთის ხელმძღვანელთან არ შეიძლება დიალოგი გაიმართოს! პუტინს ჯერ კიდევ აქვს სივრცე შემდგომი ესკალაციისთვის – ზელენსკი G7-ის ლიდერებს

28
Untitled design

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე დღეს წევრი ქვეყნების ლიდერებს ვიდეო ფორმატში უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ, უკრაინას საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ:

„დიდი შვიდეულის“ და მთელი დემოკრატიული სამყაროს დონეზე უნდა ვუპასუხოთ სიმეტრიულად – როდესაც რუსეთი თავს ესხმის ენერგეტიკულ სექტორს და ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკულ სტაბილურობას, აუცილებელია, მისი ენერგეტიკული სექტორი სანქციებით დაიბლოკოს, დავანგრიოთ რუსეთის შემოსავლების სტაბილურობა ნავთობით და გაზით ვაჭრობიდან. რუსეთის ნავთობის და გაზის ექსპორტზე საჭიროა, მკაცრი ფასის ზედა ზღვრის დაწესება და ნულოვანი მოგება ტერორისტი სახელმწიფოსთვის…

ასევე აუცილებელია ვაღიაროთ აშკარა ფაქტი, ამ მომავლის არმქონე რუსეთის ხელმძღვანელთან არ შეიძლება დიალოგი გაიმართოს. საუბარი შეიძლება შედგეს რუსეთის სხვა ხელმძღვანელთან, რომელიც აღიარებს გაეროს წესდებას, ადამიანურობის ძირითად პრინციპებს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას ისე, რომ მთავარ ტერორისტს არ ჰქონდა საშუალება, ტერორის წყალობით, გავლენა მოახდინოს საკვანძო გადაწყვეტილებებზე. ახლა ერთი ადამიანი მსოფლიოს ბლოკავს და ეს ადამიანი მოსკოვშია.

რუსეთის ლიდერს, რომელიც მისი მმართველობის ბოლო ეტაპზეა, ჯერ კიდევ აქვს სივრცე შემდგომი ესკალაციისთვის.

საჰაერო ფარი უკრაინისთვის ეს არის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი, რომელიც ჩვენი მშვიდობის ფორმულის ელემენტია. როდესაც უკრაინა თანამედროვე და ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საკმარის რაოდენობას მიიღებს, რუსეთის ტერორის საკვანძო ელემენტი, სარაკეტო დარტყმები აღარ იმუშავებს.

ბატონო საფრანგეთის პრეზიდენტო, ბატონო იტალიის პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ძალიან ველით SAMP-T სისტემების მოწოდებას და თუ შესაძლებელია, ისინი უკვე უახლოეს თვეებში გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განლაგების ინიციატივაზეც ისაუბრა:

„რუსეთი ცდილობს პირდაპირ ჩაითრიოს ბელარუსი ამ ომში, პროვოკაციის გათამაშებით, თითქოს ჩვენ ამ ქვეყანაზე დარტყმას ვაპირებთ… უკრაინა არ გეგმავდა და არ გეგმავს სამხედრო ღონისძიებებს ბელარუსის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვაინტერესებს. თუმცა, ბოლომდე რომ მოვხსნათ ეს პროვოკაცია, მოვხსნათ ეს ნარატივები, რომლებსაც ლუკაშენკო ახმოვანებს, რომ მოვხსნათ ჩვენგან რაიმე საფრთხის თუნდაც შესაძლებლობაც კი, ჩვენს გამოსავალს გთავაზობთ.

უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე უსაფრთხოების სიტუაციის მონიტორინგისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა მისია უნდა განლაგდეს. ფორმატის შემუშავება ჩვენს დიპლომატებს შეუძლიათ. მე გთხოვთ “დიდი შვიდეულის” დონეზე ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ, საერთო განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებისთვის რუსეთის პრეზიდენტი პასუხს აგებს:

უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებისთვის. ამის შესახებ “დიდი შვიდეულის” ლიდერების სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაშია ნათქვამი.

„დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები მზად არიან უკრაინას ზამთრისთვის მზადყოფნის საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარება გაუწიონ“, – აღნიშნულია მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g