საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიმდინარე და მომავალი 3 წლის განმავლობაში გაზის ტარიფი უცვლელი დარჩება. დავით ნარმანიას განმარტებით, ტარიფის გაანგარიშების დროს რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინება ხდება, მათ შორის “მცირე ლიცენზიანტის” და “სახელმწიფოს შეხიდების” მეთოდი. მისივე განცხადებით, არც ელექტროენერგიის ტარიფის არაგეგმიური გადახედვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამის შესახებ ნარმანიამ დღეს მარეგულირებელი კომისიის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„არის სპეციალური ფორმულა, რომლის მეშვეობითაც მარეგულირებელი კომისია ითვლის გაზის ტარიფს. ამ ეტაპზე, როცა ჩვენ რეგიონებისთვის დავადგინეთ „სოკარის“, „საქორგაზისა“ და რამდენიმე მცირე ლიცენზიანტის ტარიფები, ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ ერთის მხრივ, მოსაწოდებელი გაზის ფასი შემცირდა, მეორე მხრივ, სახელმწიფომ გარკვეული შეხიდება გააკეთა თავის მხრივ მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ სოციალური გაზის ტარიფი შევინარჩუნეთ იგივე და მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი იქნება უცვლელი. გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მისაწოდებელი გაზის ფასში სახელმწიფომ, მისი კუთვნილი გაზით ფასის სუბსიდირება მოახდინა. ანუ კორპორაცია არ აიღებს კუთვნილ გაზს და მოგებას, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფს დაასუბსიდირებს. ელექტროენერგიის ტარიფის არაგეგმიური გადახედვა არ იგეგმება“, – აცხადებს დავთ ნარმანია.
სემეკის თავმჯდომარის წლიურ ანგარიშში მოხვდა კორონავირუსის პანდემიის პირობებში აღნიშნული სამსახურის მიერ ახალ რეალობაზე მორგებული მეთოდები, მათ შორის მრიცხველების დისტანციური წაკითხვის რეჟიმი, სადეპოზიტო შეღავათი, ქოლ-ცენტრის სამუშაო საათების გახანგრძლივება და ა.შ. ნარმანიას განცხადებით, 2020 წელი ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების წელია და მისივე თქმით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს სემეკი რამდენიმე ათეულ ნორმატიულ აქტს მიიღებს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 4.4%-ით იზრდება, თუმცა მცირდება ელექტროენერგიის წარმოება. დავით ნარმანია განმარტავს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა. მისივე განცხადებით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 7.8%-ით გაიზარდა. აგრეთვე ელექტროენერგიის იმპორტმა 6.7-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს, როდესაც იგივე მაჩვენებელი წინა წელს 2.6-ს შეადგენდა.
წლიურ ანგარიშში საუბარია ასევე წყალმომარაგების საკითხზე, სადაც ნარმანიას განმარტებით იზრდება მრიცხველიანი აბონენტების რაოდენობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, სემეკის ლიცენზიატი კომპანიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები.