“ამ პოლიტიკურ კრიზისში ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების მხრიდან იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეთანხმდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით ჯერ კიდევ 8 მარტს და ეს ნიშნავდა პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ქვეყანაში.” – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მომდევნო დღეების განმავლობაში ბრიუსელიდან ძალიან მკაცრი გზავნილები იქნება.
სამადაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია – უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ:
“დღეს-ხვალ იქნება ასევე ძალიან მკაცრი გზავნილები ბრიუსელიდან, შესაბამისად, უკვე ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის სახელით.
ჩევნს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ არსებულ ვითარებაში, ამ პოლიტიკურ კრიზისში ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების მხრიდან იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეთანხმდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით ჯერ კიდევ 8 მარტს და ეს ნიშნავდა სწორედ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ქვეყანაში.” – თქვა მან.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მათ ასევე ისაუბრეს გიორგი რურუას საქმეზე და მისი გათავისუფლების საკითხიც დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში. “გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გვესახება მოლაპარაკებების გაგრძელება იმისთვის, რომ ქვეყანაში შედგეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევენები.” – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსნებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში შეკრებილები არიან პარტიის წარმოადგენლები და მხარდამჭერები.
ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადაიდო. ამის მიზეზი გახდა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, გიორგი გახარია ამ ეტაპზე ნიკა მელიას დაკავებას გაუმართლებლად მიიჩნევს და თანამდებობას ტოვებს.