LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომდევნო ზამთრის სეზონზე დამსვენებლები ჰაწვალზე ასვლას ახალი, ულტრათანამედროვე საბაგიროთი შეძლებენ

64
hatsvali-ski-resort-8

მომდევნო ზამთრის სეზონზე ჰაწვალზე ასვლას დამსვენებლები ახალი, ულტრათანამედროვე საბაგირო გზით შეძლებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია.

„ჩვენ მუდმივად ვახდენთ არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ახლის მოწყობას ჩვენს სტრატეგიულ ტურისტულ ადგილებსა და კურორტებზე. ინსპექტირების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჰაწვალი – ზურულდის საბაგირო განახლდეს და მომდევნო ზამთრის სეზონზე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს, ისევე როგორც ქართველ დამსვენებლებს დავხვდეთ ახალი ულტრათანამედროვე საბაგიროთი, რომელიც იქნება უსაფრთხოების ყველა სტანდარტით დაცული,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ახალი საბაგირო ხელს შეუწყობს მესტიაში მეტი ვიზიტორის მოზიდვას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივად ტურიზმში ჩართული მეწარმეების გაძლიერებაზე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „ემთიეის“ (ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია“) დაევალა ჰაწვალი – ზურულდის დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მისი გამშვები სისტემებითა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობებით აღჭურვა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.

მთის კურორტებზე არსებულ ყველა საბაგირო გზას, არსებული ტექნიკური პროტოკოლით, ყოველ მეორე წელს ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ხუთ წელიწადში ერთხელ მაგნიტო-დეპოსკოპიური შემოწმება უტარდება. სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ბოლო დასკვნა ჰაწვალი – ზურულდის საბაგიროს შესახებ მოითხოვდა ობიექტის ცალსახად გაჩერებას და ახლის მშენებლობას, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით ტურისტული სეზონის გათვალისწინებით მოკლე ვადაში განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g