მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტის საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა “ჰონდას” მარკის ავტომობილი გაჩხრიკეს.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვერ ასაჯაროებს ინფორმაციას თუ ვის ეკუთვნის ავტომობილი, თუმცა უწყებაში აღნიშნავენ, რომ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ავტომობილი დაილუქა და ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
ავტომობილი, რომელსაც ჩხრეკა ჩაუტარდა, დაახლოებით იმ ტერიტორიაზე იდგა, სადაც გუშინ მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს.
“ქუჩის ბიჭების” სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობაში ორი ქალი მონაწილეობდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დრომდე საქმეზე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.