დღეს მსოფლიოში მონაცემთა ანალიტიკა აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური დარგი – ის ბიზნესის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების განუყოფელი ნაწილია. საინტერესოა, როგორ ვითარდება ეს პრაქტიკა საქართველოში და როგორ ეხმარება ანალიტიკა კომპანიებს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში. აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ „ბიზნესნიუსს“ ეწვივნენ კომპანიის „გრანთ თორნთონ საქართველოს“ ბიზნეს საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია გიორგობიანი და მონაცემთა უფროსი ანალიტიკოსი საბა დუმბაძე.
⭕ მონაცემთა ანალიტიკის მნიშვნელობა ბიზნესისთვის⭕ მონაცემთა ანალიტიკის მნიშვნელობა ბიზნესისთვის ⬇ გადაცემის „ბიზნესნიუსი“ სტუმრები: კომპანიის „გრანთ თორნთონ საქართველო“ ბიზნეს საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია გიორგობიანი და მონაცემთა უფროსი ანალიტიკოსი საბა დუმბაძე.
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Friday, May 23, 2025
– უპირველესად, საუბარი დავიწყოთ იმით, როგორ ვითარდება მონაცემთა ანალიტიკა საქართველოში?
– თუკი ადრე გადაწყვეტილებებს ინტუიციით და გამოცდილებით იღებდნენ, ბიზნესის სწორად და წარმატებით მართვა დღეს თითქმის წარმოუდგენელია მონაცემებზე დაყრდნობის გარეშე. იქიდან გამომდინარე, რომ დამოკიდებულნი ვართ ჩვენს სმარტფონებზე, ყოველდღიურად ვტოვებთ ჩვენს ციფრულ კვალს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქმნის მონაცემთა ბაზას (BIG DATA). მონაცემები არის რიცხვები, რომლებიც გვიყვებიან კომპანიის წარსულზე, გვაძლევენ სურათს აწმყოზე და რომელთა ანალიტიკის საფუძველზეც კომპანიები აგებენ პროგნოზებს და იღებენ სწორ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. მონაცემების გამოყენებით კომპანიას შეუძლია გახდეს ან დარჩეს კონკურენტუნარიანი ბაზარზე.
არსებობს მონაცემთა ანალიტიკის რამდენიმე ძირითადი სახე: აღწერილობითი ანალიზი, რომელიც პასუხს იძლევა კითხვაზე, რა მოხდა; დიაგნოსტიკური ანალიზი, რომელიც პასუხს იძლევა კითხვაზე, რატომ მოხდა ესა თუ ის მოვლენა; პროგნოზული ანალიზი, რომელიც გვეუბნება, რა შეიძლება მოხდეს; რეკომენდაციული ანალიზი, რომელიც გადაწყვეტილებამდე მისვლის გზას გვიჩვენებს.
მონაცემების ამგვარმა დამუშავებამ გააჩინა მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე – მონაცემთა ანალიტიკოსებზე, ანუ მათზე, ვისაც ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. დღეს ბიზნესისთვის მონაცემთა ანალიტიკოსი ისევე საჭიროა, როგორც ფინანსური მენეჯერი. ბევრ კომპანიას თავად ჰყავს ასეთი კადრი, ბევრი კი აუთსორს მომსახურებით სარგებლობს.
საქართველოში მონაცემთა ანალიტიკის პრაქტიკა ბოლო წლებში შესამჩნევად გააქტიურდა. ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, მაგრამ ტენდენცია აშკარაა – განსაკუთრებით ბანკების, რითეილისა და ტექნოლოგიური სტარტაპების მიმართულებით. ერთ-ერთი პირველი, ვინც მონაცემების ანალიზს სერიოზული ყურადღება მიაქცია, ფინანსური სექტორი იყო – მან თითქმის 10 წლის წინ შექმნა ბიზნესის ანალიზის განყოფილება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო. შედეგებიც შთამბეჭდავია: ფინანსურმა სექტორმა, მონაცემების ანალიზის დახმარებით, გააუმჯობესა არა მხოლოდ საკუთარი მომსახურება, არამედ მომხმარებლებისთვის უფრო და უფრო საინტერესო შეთავაზებები შექმნა.
– საბა, როგორ ეხმარება ანალიტიკა ბიზნესს წარმატებაში?
– როგორც უკვე აღვნიშნე, მონაცემთა ანალიტიკა ბიზნეს ობიექტური გადაწყვეტილებებს მიღებაში ეხმარება იქ, სადაც ადრე ინტუიციას მივენდობოდით. შედეგად, კომპანიები ამცირებენ რისკს და აჩქარებენ ზრდას. მოდით, ავხსნათ რეალური მაგალითებით:
– საბა, რომელი სექტორები იღებენ ანალიტიკისგან ყველაზე დიდ სარგებელს?
– მონაცემთა ანალიტიკას თითქმის ყველა სექტორში აქვს გამოყენება, თუმცა ზოგი ინდუსტრია განსაკუთრებით დიდ სარგებელს იღებს მასში ინვესტირებით.
მონაცემთა ანალიტიკის სფეროში წამყვანი პოზიცია უკავია ფინანსურ სექტორს, სადაც ანალიტიკა აუცილებელ ინსტრუმენტად იქცა. ბანკები ანალიტიკას საკრედიტო რისკების შეფასებისთვის იყენებენ, რათა წინასწარ განსაზღვრონ რომელ კლიენტს აქვს გადახდის პრობლემა და ამით ააცილონ ზარალი. ასევე, ანალიტიკა ბანკებს მომხმარებლის ქცევის პროგნოზირებაში ეხმარება, მაგალითად, რომელი სერვისი იქნება კონკრეტული კლიენტისთვის საინტერესო.
ასევე გამორჩეული სექტორია საცალო ვაჭრობა და e-commerce მაღაზიები. ამ სფეროში მომხმარებელთა ქცევის დეტალური ანალიზით შეიძლება განისაზღვროს, რომელ პროდუქტებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა და როდის. მაგალითად, სუპერმარკეტების ქსელები აკვირდებიან გაყიდვების მონაცემებს სხვადასხვა რეგიონში, რათა ზუსტად იცოდნენ, სად რომელი პროდუქტი გააგზავნონ უფრო მეტი რაოდენობით. ონლაინ ვაჭრობაში კი ანალიტიკამ საწყობის მუშაობის დარეგულირების შესაძლებლობა შექმნა – თანამშრომლებმა მოძრაობის მანძილების ოპტიმიზაციის ალგორითმებით სწრაფად დააკომპლექტეს შეკვეთები. შედეგად, მომხმარებელი იღებს უფრო სწრაფ მომსახურებას, ბიზნესი კი – მეტ კმაყოფილ კლიენტს. გარდა ამისა, საცალო სექტორი ანალიტიკას აქტიურად იყენებს მარკეტინგში იმის გასაგებად, როგორი აქციები ან ფასდაკლებები იმუშავებს ყველაზე კარგად (მომხმარებელთა კალათების ან ისტორიის ანალიზით).
– ხატია, რამდენად აცნობიერებს ბიზნესი ანალიტიკის საჭიროებას?
– არა მხოლოდ საქართველოში, საერთაშორისო ბაზარზეც ჯერ კიდევ არსებობენ კომპანიები, რომლებიც მონაცემთა ანალიტიკას ეჭვის თვალით უყურებენ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რეალურად აქვთ ინტერესი საკითხის და მასთან დაკავშირებული სარგებლის მიმართ.
წამყვანი კომპანიები უკვე კარგად აცნობიერებენ, რომ მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებები კონკურენტულ უპირატესობას ქმნის. ამას ადასტურებს საერთაშორისო კვლევებიც – PwC-ის 2022 წლის კვლევის მიხედვით, ბიზნესების 70%-მა განაცხადა, რომ ზრდიან ინვესტიციას ანალიტიკურ რესურსებში, რადგან აცნობიერებენ ინფორმაციაზე დაფუძნებული მოქმედების უპირატესობას. საქართველოში ვისაც ერთხელ მაინც გამოუყენებია მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებისთვის მონაცემთა ანალიზი, უკვე იგრძნო მისი ფასი. მაგალითად, რით განსხვავდება დღეს სწრაფად მზარდი ონლაინ ბიზნესი ტრადიციულისგან? – სწორედ data-ს გამოყენების კულტურით. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ყველა კომპანია არ არის მზად ამისთვის. მაგალითად, მცირე ბიზნესები თვლიან, რომ მონაცემთა ანალიტიკა ძვირი სიამოვნებაა მათთვის ან ვერ ხედავენ ფინანსურ სარგებელს ამ ინვესტიციიდან. არადა, კარგად გაკეთებული ანალიტიკა ყოველთვის კარგად მუშაობს და მისი შედეგი გრძელვადიანია.
ახალი თაობის მენეჯერებსა და მეწარმეებს უფრო ნათლად ესმით მონაცემების ძალა, შესაბამისად, ისინი მზად არიან, ეს გამოცდილება საკუთარ ორგანიზაციებშიც დანერგონ. ბევრი საშუალო ბიზნესი დღეს უკვე დგამს მცირე ნაბიჯებს, კერძოდ, Excel-იდან გადადიან უფრო ჭკვიან ანალიტიკურ პლატფორმებზე, ქირაობენ მონაცემთა ანალიტიკოსებს ან მიმართავენ საკონსულტაციო კომპანიებს ამ მიმართულებით.
„გრანთ თორნთონის პრაქტიკიდანაც“ ჩანს, რომ როცა კომპანიები ახლოდან ეცნობიან ანალიტიკის შესაძლებლობებს, მათი თვალსაწიერი ფართოვდება. ხშირად ჩვენი კლიენტები, რომლებმაც, თავდაპირველად, მხოლოდ ფინანსური სერვისების თაობაზე მოგვმართეს, მონაცემებიდან მიღებულ შედეგების დანახვის შემდეგ უკვე თავად გვიზიარებენ იდეებს შემდეგი ანალიტიკური პროექტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესში ცნობიერება გარდამავალ ფაზაშია: პიონერები სრულად ენდობიან მონაცემებს, სხვები სწავლობენ სხვის მაგალითზე, ზოგიც ისევ ძველ ინტუიციურ მეთოდებს ეყრდნობა. მაგრამ ტენდენცია ნათელია – ვინც კონკურენტული ბაზრის მოთხოვნას ეცნობა, ის ანალიტიკაში ინვესტირებს.
– საბა, როგორი გამოცდილება გაქვთ „გრანთ თორთონში“ ანალიტიკური პროექტების მხრივ?
– „გრანთ თორნთონი“ ერთ-ერთი იმ საკონსულტაციო კომპანიათაგანია, რომელიც აქტიურად ნერგავს მონაცემთა ანალიტიკას კლიენტებისთვის. ჩვენი გამოცდილება მართლაც მრავალფეროვანია და მოიცავს პროექტებს თითქმის ყველა ინდუსტრიაში. მახსენდება ერთ-ერთი საინტერესო პროექტი ლოჯისტიკის სფეროში, როდესაც გაყიდვების პროგნოზული მოდელი შევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც დავამუშავეთ კლიენტის გაყიდვების მონაცემები, გამოვთვალეთ სეზონურობის და მოთხოვნის საშუალო კოეფიციენტები და მათზე დაყრდნობით შევქმენით პროგნოზული ალგორითმი, რომელიც კლიენტს დაეხმარა განესაზღვრა მომავალი თვეების ტენდენცია, ზოგადი სურათი, თუ რომელ ტვირთზე იქნებოდა მოთხოვნა გაზრდილი და რა მოლოდინები უნდა ჰქონოდა ბაზრისაგან. შესაბამისად, ბიზნესმა მიიღო შესაძლებლობა, სწორად დაეგეგმა მარაგების და რესურსების მართვა და ოპერატიულად მომსახურებოდა კლიენტს.
მსგავსი ტიპის სერვისების განსახორციელებლად ვიყენებთ ისეთ საერთაშორისო ანალიტიკურ ხელსაწყოებს, როგორებიცაა Microsoft Azure, Tableau, Salesforce და ა.შ., რაც გვაძლევს საშუალებას, უწყვეტ რეჟიმში მომუშავე მაღალი ხარისხის ანალიტიკური ვიზუალიზაციები შევქმნათ. სწორედ ეს ვიზუალიზაცია უნაცვლებს მენეჯმენტს ექსელის უბრალო, მშრალ ცხრილს გასაგები გრაფიკებით და ვიზუალურად მეტად აღსაქმელი პროგნოზებით, რის საფუძველზეც გადაწყვეტილების მიღება ბევრად ადვილი ხდება.
საბოლოოდ, ბიზნეს მენეჯმენტის ამ ახალი ეპოქაში მონაცემებზე დაფუძნებული კულტურის შექმნა ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ფინანსური მართვის თუ მარკეტინგის ცოდნა. „გრანთ თორნთონში“ ყოველთვის მზად ვართ, გავუწიოთ კონსულტაცია და მხარი დავუჭიროთ ყველა იმ ორგანიზაციას საქართველოში, ვისაც ამ მიმართულების განვითარება სურს. მონაცემები ბევრს გვეუბნება – საჭიროა მოვუსმინოთ და ვისწავლოთ მათი ენით საუბარი, რადგან სწორედ ამ ენაზე იწერება თანამედროვე ბიზნესის წარმატების ისტორიები.