ამერიკელი პოეტის, ლიტერატორის, პროზაიკოსისა და ჟურნალისტის ჩარლზ ბუკოვსკის წერის მანერაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ლოს-ანჟელესის სოციალურმა პირობებმა. ლიტერატურულ სამყაროში მოხვედრის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის გამო, ბუკოვსკი იმედგაცრუებული იყო, თითქმის ათი წლის განმავლობაში წერას თავი დაანება. ამ წლებს ის “ათწლიან სიმთვრალეს” უწოდებს. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი ნახევრად ავტობიოგრაფიული ქრონიკები. ამ ქრონიკებში ის საკუთარ გამოცდილებას “ჰენრი ჩინასკის” სახელით გადმოსცემს. იყო პერიოდი, როცა ბუკოვსკი მუშაობდა მუშად ერთ-ერთ ქარხანაში. „ფორტუნა აკადემია“ გთავაზობთ ჩარლზ ბუკოვსკის ჩანაწერს:
„მონებს არასდროს უხდიან იმდენს, რომ გათავისუფლდნენ, უხდიან იმდენს რომ გადასარჩენად ეყოთ…
მახსოვს, ერთ ხანს ნათურების კომპანიაში შემფუთველად ვმუშაობდი, მეორე შემფუთველმა უეცრად მითხრა: “არასდროს ვიქნები თავისუფალი!” ამ დროს ერთ-ერთი უფროსი სეირნობდა, ამ სიტყვების გაგონებაზე სიცილი დაიწყო, მას სიამოვნებდა, რომ ეს ადამიანი მთელი სიცოცხლე „ხაფანგში“ გაატარებდა.
მე გამიმართლა და ამ ადგილს თავი დავაღწიე. არ აქვს მნიშვნელობა, რა დრო დამჭირდა გათავისუფლებისთვის, თავისუფლება უდიდესი ბედნიერების მომტანი გახდა ჩემთვის. ახლა მე ასაკოვანი გონებითა და სხეულით ვწერ, ამ ასაკში ადამიანების უმრავლესობა წერაზე უარს ამბობს.როდესაც სიტყვები მღალატობენ და კიბეზე ასასვლელად დახმარება მჭირდება, მაინც ვგრძნობ, რომ ყოველთვის მემახსოვრება, როგორ დავამარცხე კატორღა და მოვედი ამ მდგომარეობამდე“.