საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტს შეადგენს.
არსებული პროგნოზის მიხედვით, როგორც გაცხადებული იყო, მოსალოდნელია, რომ 2017 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენით დროებით გაიზრდება და მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.
ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე გავლენას ძირითადად მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორები ახდენს, როგორებიცაა საერთაშორისო ბაზრებზე გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების მატება, აქციზის გადასახადი და წინა პერიოდში აშშ დოლარის გამყარება. ამავე დროს, საყურადღებოა, რომ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება როგორც საბაზო, ასევე ადგილობრივი პროდუქციისა და მომსახურების ინფლაცია. სფი ინფლაციის მაჩვენებელი მასზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად შემცირდება და მოსალოდნელია 2018 წელს იგი მიზნობრივ დონეს ჩამოსცდეს.
ბოლო ინფორმაციის მიხედვით, გამოიკვეთა ინფლაციის პროგნოზზე ორივე მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. ერთი მხრივ, ინფლაციის ფაქტობრივი მონაცემი უფრო მაღალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული, რაც, შესაძლოა, დამატებით ზეწოლას ქმნიდეს ინფლაციის მოლოდინებზე. თუმცა, მეორე მხრივ, საგარეო სექტორის მაჩვენებლების გაუმჯობესების შედეგად შემცირებულია ზეწოლა ლარის კურსზე, რამაც, შესაძლოა, ინფლაციის მოლოდინები შეამციროს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი კვლავ მიზანშეწონილად მიიჩნევს წლის პირველ ნახევარში პოლიტიკის განაკვეთის 7%-მდე ზრდას, ამ ეტაპზე, ტენდენციების უკეთ გამოკვეთამდე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა თავი შეიკავა პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისგან.
წინასწარი შეფასებით, იანვარში ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო, თუმცა, ეკონომიკის პოტენციური დონიდან გადახრა ჯერ კიდევ უარყოფითია. ამდენად, შიდა მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება. ამასთან, ამ უკანასკნელის ზრდას ხელს უწყობს ეკონომიკის დაკრედიტების არსებული ტემპი. პოზიტიური ტენდენციები შეიმჩნევა საგარეო სექტორშიც.
საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების შედეგად 2017 წლის დასაწყისში საქონლის ექსპორტს ზრდის ტენდენცია აქვს. ზრდას განაგრძობს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ასევე, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ, თუმცა, ეს მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება 2014 წლის დონეს. ამასთანავე, აღსანიშნავია იმპორტის ზრდაც.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 2 მაისს გაიმართება.