LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოქალაქეებს უწყების სახელით ურეკავდნენ, არწმუნებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით ავარია მოხდა და თანხას სძალავდნენ“ – შსს-მ 4 პირი დააკავა

132
შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ბათუმსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან: 2005 წელს დაბადებული ა.ტ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 1988 წელს დაბადებული გ.მ., 2002 წელს დაბადებული რ.დ. და 1997 წელს ი.კ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 61 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი ნახევარ მილიონამდე ლარი შეადგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ძალოვანი უწყებების სახელით, დაკავშირება ხდებოდა მოქალაქეებთან და დარწმუნება, რომ მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ხოლო პრობლემის მოსაგვარებლად ქრთამის სახით საჭირო იყო გარკვეული თანხის გადახდა.

მოქალაქეებისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მათთან მიდიოდნენ ადგილზე, ეცნობოდნენ სხვა სახელითა და გვარით, ართმევდნენ თანხას და კრიპტოვალუტის საფულეზე რიცხავდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულ პირებს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„თაღლითური ჯგუფის წევრები უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს, თითქოს იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და ატყობინებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი ავარიის შედეგად საავადმყოფოში იმყოფებოდა. თაღლითური ჯგუფის წევრები უხსნიდნენ მათ, რომ ავარია გამოწვეული იყო მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით და პასუხისმგებლობის არიდების და სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ნაღდი ფულის გაგზავნა. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს დაითანხმებდნენ თანხის გადაცემაზე, დაზარალებულებთან კურიერის სტატუსით მიდიოდნენ და დაზარალებულთა კუთვნილ თანხებს ეუფლებოდნენ.

ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 53 მოქალაქის კუთვნილ 1 041 336 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

დაკავებულ პირებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას დანაშაულის მონაწილე სხვა პირების დადგენა გამოვლენის და სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით, რის შემდგომაც შესაძლოა დაზარალებულთა წრე გაიზარდოს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მსგავსი შინაარსის სატელეფონო ზარებთან მიმართებით გამოიჩინონ სიფრთხილე და ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g