სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ეხმაურება.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, სადეპუტატო მანდატი შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძეს ამომრჩეველმა მისცა და არა დეპუტატებმა, შესაბამისად “არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს ვინმეს ჩამოვართვათ ის, რის მიცემაშიც წვლილი არ შეგვიტანია” – აცხადებს ხვიჩია.
ხვიჩიამ სწორედ ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ „პარლამენტის მიერ უფლებამოსილების გადამეტება და ანტი საპარლამენტო საქმიანობა რეგლამენტის ნორმებით ვერ გამართლდება“.
„ის, რაც პარლამენტის რეგლამენტში წერია, თავისი შინაარსით იმპერატივი არ არის. ყველას გვესმის, ბოლო წლების განმავლობაში, რა პოლიტიკური პროცესები გამოვიარეთ. არც ერთი პარლამენტის წევრის გადასაწყვეტი არ არის, შეზღუდოს მაგალითად „ლეიბორისტული პარტიის“ ამომრჩეველთა ნება საკუთარ რჩეულ დეპუტატს პარლამენტის დარბაზში უყუროს. შალვა ნათელაშვილის ამომრჩევლები ამას იმსახურებენ და ეს სიამოვნება არ უნდა მოვაკლოთ. ბადრი ჯაფარიძეს არა თუ არ უნდა შეუწყდეს სადეპუტატო უფლებამოსილება, მისი საკითხი პლენარულ სხდომაზე საერთოდ არ უნდა გავიდეს. იმის მიუხედავად, რომ სასამართლო პროცესზე უცნაურად გამოაცხადეს, რომ დამნაშავეა, მასზე ნასამართლეობაც კი არ ვრცელდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.