2021 წლიდან წყლის მომხმარებელთა არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო ტარიფი გათანაბრდება და ერთ კუბურ მეტრზე დაახლოებით 1 ლარის ფარგლებში იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფანგანი აცხადებს.
ამჟამად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 32 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის – 4 ლარსა და 40 თეთრს შეადგენს.
2021 წლისთვის ცვლილება შევა „ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში, რის შედეგადაც ტარიფები გათანაბრდება.
ფანგანის განმარტებით, ცვლილების შედეგად, მცირედით გაიზრდება საყოფაცხოვრებო და სერიოზულად შემცირდება არასაყოფაცხოვრებო ტარიფი.
აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.