LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასაქმებული მოსახლეობის 50%-ს აქვს 700 ლარზე ნაკლები ხელფასი“ – როგორ ითვლება და რა აჩვენა მედიანურმა ხელფასმა /„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

34
მედიანური ხელფასი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ისტორიაში პირველად გამოაქვეყნა მედიანური ხელფასი. საქსტატის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში მედიანური ხელფასი 900 ლარია.

ცნობისთვის, მედიანური ხელფასი ასახავს ანაზღაურებას, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს.

საშუალო ხელფასი კი 1304 ლარია, თუმცა მედიანური უფრო ზუსტად აღწერს რეალობას.

თუ 900 ლარს გადასახადებს გამოვაკლებთ, მივიღებთ დაახლოებით 700 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა ნახევარს მხოლოდ 700 ლარი, ან ნაკლები შემოსავალი აქვს  თვეში.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად  გიორგი ნებულიშვილი –  არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი საუბრობს. 

 

– გიორგი, პირველ რიგში კარგად ავუხსნათ მსმენელს, რას ნიშნავს მედიანური ხელფასი, რომ ტერმინოლოგიაში არ დაიბნენ. რატომ არის ეს მეთოდოლოგია უკეთესი, ვიდრე ის, რასაც აქამდე იყენებდა საქსტატი?

– მედიანური ხელფასი საშუალოსგან განსხვავებით უფრო რეალურ სურათს გვაჩვენებს. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, დავუშვათ, რომ ქვეყანაში დასაქმებულია ვთქვათ 100 ადამიანი, სხვადასხვა ხელფასით.

ჩვენ თუ მათ ხელფასს ზრდადობით დავალაგებთ და ავიღებთ შუაში მყოფ 50-ე ადამიანის ხელფასს, ეს იქნება მედიანური ხელფასი.

ეს რომ გადმოვიტანოთ მიმდინარე სტატისტიკაზე, როდესაც საქსტატი ამბობს, რომ მედიანური ხელფასი არის ცხრაასი ლარი, ამ თანხას თუ გადასახადებს გამოვაკლებთ,  იქნება 700 ლარი. მოსახლეობის დასაქმებული ნაწილის 50 %-ს  აქვს 700 ლარზე ნაკლები ხელფასი.

– და არა 1304 ლარი, რაც გამოდის საშუალო ხელფასი. საშუალო ხელფასი ითვლება ცოტა სხვანაირად.

– თუ საშემოსავლო გადასახადს და საპენსიო გადასახადს დავაკლებთ,  1000 ლარზე ოდნავ მეტი გამოდის.

ეს რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან საშუალოს გამოთვლის მეთოდოლოგია, არის ჩვეულებრივი არითმეტიკური საშუალო. ტენდენციიდან ექსტრემალურად გადახდილი მონაცემებს ამას აუთლაიერებს ეძახიან.

მაგალითად თუ ჩვენ ავიღებთ საშუალო ხელფასს, ის 40%-ით მეტია მედიანურ ხელფასზე.

რატომ? იმიტომ რომ მაღალშემოსავლიანი აუთლაიერები სტატისტიკაში მიაჩოჩებენ საშუალო ხელფასის მაჩვენებელს ზემოთ. რაც არ ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ ყველას ამ რაოდენობის ხელფასი აქვთ.

– მარტივად რომ ავხსნათ, პირობითად მე თუ მაქვს 1000 ლარი ხელფასი და თქვენ 5 ათასი და ჯამში გამოვიდა 6 ათასი, გამოდის, რომ საშუალოდ ორივეს 3 ათასი ლარი გვაქვს ხელფასი, რაც არაა რეალობა.

– მედიანური ხელფასი ამ ზემოქმედებისგან თავისუფალია და ცენტრალურ ტენდენციას გვაჩვენებს, რა არის უფრო რეალურად იმ ხელფასების განაწილებაში.

– აქ არაა საუბარი იმაზე, რომ ადამიანი თვითდასაქმებულია, ან დროდადრო მუშაობს. ეს აჩვენებს ძალიან მძიმე სოციალურ ფონს, რადგან 700 ლარი და ნაკლები შემოსავალი დასაქმებულთა ნახევარისთვის, ეს ძალიან მცირე შემოსავალია. მით უფრო დღევანდელი ფასებისა და ინფლაციის პირობებში.

– რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე სურათია. გამოდის, რომ დასაქმებულთა 50 %-ს 700 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი, რაც მიმდინარე პერიოდში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციასთან, ინფლაციასთან მიმართებით ძალიან მძიმე სურათს გვიჩვენებს.

– ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის მძიმე სოციალური ფონი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი მუშაობს, ხელფასი აქვს და მაინც თვიდან თვემდე ალბათ ძალიან უჭირს თავის გატანა.

– მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარების  გამო, საკმაოდ ცუდი სიტუაცია გვაქვს და ახლა უფრო უკეთ დავინახეთ, რის წინაშე დგას მოსახლეობა, როცა ვიცით, რომ დასაქმებულთა 50 %-ს   700 ლარზე არსებობს თვიდან თვემდე.

– საქსტატი კარგა ხანია გვპირდებოდა, რომ მედიანურ ხელფასს დაითვლიდა, ანუ რეალურ სურათს გვაჩვენებდა. არ მინდა პოლიტიკურ მიზნებს დავაბრალო, მაგრამ აქამდე ფაქტია, რომ იყო შეფუთვა, თითქოს საშუალო ხელფასი იყო  დაახლოებით 1100 ლარი, მაგრამ მედიანურმა ხელფასმა ძალიან მძიმე სურათი აჩვენა.  იმედია, გააგრძელებს საქსტატი ამ სტატისტიკის გამოქვეყნებას.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მედიანური ხელფასიც ზრდადია, ანუ თუ წინა წლების მონაცემებს შევადარებთ, ზრდადია, მაგრამ ძალიან ნელა იზრდება.

შესაძლებელია ფურცელზე საქართველოს ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით..

– მედიანური და საშუალო ხელფასი იზრდება, მაგრამ ნომინალური ზრდაა, რაც რეალურ ზრდას არ გვაჩვენებს. როგორ იზრდება ეკონომიკა, როგორ იზრდება ფასები, ამასთან მიმართებით თუ შევხედავთ, შეიძლება, ისე აღმოჩნდეს, რომ რეალური შემოსავალი მცირდებოდეს, მხოლოდ ნომინალში იზრდება.

საშუალო ხელფასის ზრდაც არ ნიშნავს აუცილებლად კარგ რამეს. საშუალო ხელფასი შეიძლება იმიტომ იზრდებოდეს, რომ დაბალანაზღაურებადი სამუშაოები ქრება.

ბოლო პერიოდში პანდემიიდან გამომდინარე ვიცით, რომ პირველი დარტყმა დაბალანაზღაურებადმა სამუშაო ადგილებმა მიიღო.

ამან შეიძლება გამოიწვიოს საშუალო ანაზღაურების ზრდაც, რაც რეალურად დადებითი მოვლენა არაა.

– ვერ დავმშვიდდებით იმით, რომ დაბალანაზღაურებადი სამუშაოები გაქრა, ქვეყნიდან 100 ათასამდე ადამიანი გავიდა ბოლო ერთ წელიწადში, ძირითადად დაბალსეგმენტიანი შემოსავლებიდან.

დარჩნენ ისინი, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვთ, მათ შორის ხელფასის სახით და პლუს შესაძლებელია, რომ ამ მაღალშემოსავლიანების შემოსავალი უფრო მეტად გაიზარდა და ამან გაზარდა ეს საშუალო ხელფასი.

როგორ შეიძლება ეს ვითარება გამოსწორდეს?

გასაგებია, რომ არ არსებობს ეკონომიკაში ჯადოსნური ჯოხი, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. რეალურად როგორ უნდა გაიზარდოს ადამიანების ყოველთვიური შემოსავალი?

– ასეთი ფორმულა ალბათ არ არსებობს, მაგრამ არსებობს რაღაც გზები, რითაც შეიძლება მივაღწიოთ უკეთეს დასაქმებას და მაღალ ანაზღაურებას.

ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ძალიან ცენტრალიზებულია საქართველოს ეკონომიკა, თბილისშია თავმოყრილი და რეგიონებში არსებულ მოსახლეობას დასაქმების ნაკლები შანსი აქვს, ნაკლები სამუშაო ადგილებია და ხელფასებიც დაბალია.

აუცილებელია დეცენტრალიზება მოხდეს, რეგიონები თანაბრად უნდა ვითარდებოდეს და უნდა იზრდებოდეს სამუშაო ადგილები.

თბილისში თავმოყრილი დასაქმებულები მერე უკვე ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან, ესეც იწვევს ბაზარზე საშუალო ხელფასის დაბლა დაწევას.

გრძელვადიანი გამოსავალი შეიძლება იყოს, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების ჩადება. თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან. ეს უკვე გრძელვადიანი ეფექტი იქნება და 10, 20 და 30 წლის შემდეგ შეიძლება, რომ შედეგი გვქონდეს.

მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია დღესვე, რომ მომავალი თაობა მაინც ამ პრობლემის წინაშე არ იდგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g