„რაც მოხდა, მოსალოდნელი შედეგი იყო და თავიანთ თავში უნდა მოძებნონ კითხვები და პასუხები“, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირებას.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული მედიები მედიაროლიდან „გასულები არიან“ და ასრულებენ „პროპაგანდისტულ ფუნქციას“.
ტელეკომპანია „იმედი“ ბრიტანეთის მიერ არხის დასანქცირებაზე განცხადებას ავრცელებს
„რეალურად თავად დაიწყეს თავისუფალი მედიის დახრჩობა, ხოლო დღეს რაც ხდება არის ის შედეგი, რაც მოჰყვება ამგვარ პროპაგანდისტული მედიების ქმედებებს. ყველაფერს აქვს თავისი შედეგი და იმდენად გავიდა ეს პროპაგანდისტული მედია ჩვეულებრივი მედიაროლიდან, რომ რაც დღეს მოხდა, იყო მოსალოდნელი შედეგი და თავიანთ თავში უნდა მოძებნონ კითხვები და პასუხები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ ჩართული არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში“.
როგორც სანქციების განმარტებაში წერია, „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.
სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციას, სანქციებს ტრასტის სერვისებზე.
