ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას “სენსაციურს” უწოდებს.
გოცირიძე გამოეხმაურა მოსამართლის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ როგორც იქნა აღიარა, რომ ის სანქცირებულია – ეს ვაი მოსამართლე სანქცირებულთა სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და უფრო სხვანაირად ვიტყოდი: – ის არის პირველი ყვავი, რომელსაც აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც”, – განაცხადა გოცირიძემ.
მისი შეფასებით, მოსამართლის განცხადება პოლიტიკური განცხადებაა, რომლის გაკეთებაც მას “ქართულმა ოცნებამ” დაავალა.
“ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის არის სანქცირებული. როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მას აშშ-ს ვიზა გააუქმეს – არ მისცეს აშშ-ში წასვლისა და ქართველი მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის სანქცია”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.