LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

180
ნინო გალუსტაშვილი და მათე დევიძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს, მოსამართლე – ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავად მათე დევიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, მან სასამართლო დარბაზი საკუთარი სურვილით დატოვა. მანამდე კი სიტყვით ისარგებლა და თქვა:

„სალამი მებრძოლებო, ეს სიტყვა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა შუა საუკუნეებთან, მაგრამ დღეს არსებობს ისეთი გარემოება, რომ თანამებრძოლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის… იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი და ეს ალბათ ბოლო დღეც იქნება.

იცით ყველამ რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე, რადგან თანამოაზრეებთან ერთად გამეპროტესტებინა მშვიდობიანი პროტესტით ევროკავშირის კურსიდან გადახვევა.

19 ნოემბრის გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყეს ფორმიანებმა დაშლა… მაგ დროს ვიყავი 2 დღის უძილო, ძალიან ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. როცა დაიწყეს ჩვენზე გადამეტებული ძალის გამოყენება მე მოვყევი ამ შეხლა- შემოხლაში, ვეცადე გავრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, იცით შემდეგ, რაც მოხდა.

ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს შეუსრულოთ საქმე, მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი.“ – თქვა მათე დევიძემ.

აღსანიშნავია, რომ სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სამოქალაქო აქტივისტები, ბრალდებულის მხარდამჭერები და ჟურნალისტები სასამართლოს ფოიედან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, მათე დევიძე 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. პროკურატურა მას სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავებოდა, კერძოდ კი, უწყების მტკიცებით, ბრალდებულმა სამართალდამცველებს დროშის ტარი ჩაარტყა.

ფოტო: მინდია გაბაძე / „პუბლიკა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g