ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი და წამყვანი, ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობაში დატოვა.
თავად კაციამ დღეს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და სამართლიან გამოძიებას ითხოვს. დღევანდელ პროცესზე მან ასევე სიტყვით ისარგებლა და თქვა:
„როცა ვსაუბრობდით მტკიცებულებების მოპოვებაზე, მახსოვს თქვენი ფრაზა – დაცვის მხარეს აქვს უფლება, კანონიერად მოიპოვოს მტკიცებულებები. ის, რომ მე სახლთან დამაკავეს და არა იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია საქმის მასალებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა.
ერთადერთი მტკიცებულებაა და ზუსტად ის, რასაც ახლა ვისმენდით მონოლოგის სახით, იმას ნიშნავს, რომ იმ ერთადერთი მტკიცებულების განადგურების მცდელობაა საქმის დანარჩენ სხვა მასალებთან ერთად, რომლებიც ჩადებულია და რომელიც, სხვათა შორის, ჩემი ადვოკატის დამსახურებაა.
ფარატინა ფურცლით იყო წარმოდგენილი პროკურატურა, აბსოლუტურად ფარატინა. ჩვენგან გადაიტანეს – ჩვენ ჩავატარეთ რეალურად გამოძიება. ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლის იქ ყოფნა, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონიდან ამოღებული რუკით დგინდება, სად დამაკავეს.
ნიკა კაცია: „ვუყურებ სხვა პროცესებსაც, ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ყარს. ყველა, ვინც მასამართლებთ, ხელს უწყობთ, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, დასანქცირებულები“
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტისა და წამყვანის ნიკა კაციას საქმის პროცესი მიმდინარეობს.
„ამასობაში იმას, რასაც მე ვლაპარაკობ, ოღონდ გამოკითხვა რომ არ ჩაუტარებიათ, ესეც ცალკე უბედურება და აბსურდია და ამაზეც მინდოდა მეთქვა – მეოთხე თვე ხდება 7 აპრილს, როცა გამოძიება არც შემთხვევაში და არანაირად არ იწყება. ვითხოვ გამოძიებას, რატომ არ იწყება გამოძიება.
რატომ არის გამოძიება მნიშვნელოვანი და რატომ ცდილობს პროკურატურა, რომ ამ გამოძიებას ასცდეს, იმიტომ, რომ გამოიძიოს. გოგი გვახარიას გადაცემაში იყო ერთ-ერთი აქტივისტის სიუჟეტი, საიდანაც მე გავიგე, რომელ საქმეზე ვყავდი პროკურატურაში.
მანამდე არ ვიცოდი, არც არავინ არ მეუბნებოდა – გამოჩნდება, რომ 3 პოლიციელი კი არ არის, როგორც პატაკშია მითითებული, არა – 15 არ იყო, მაგრამ 10-ზე მეტი იყო. მე მაქვს უფლება, მქონდეს საქმეში ის გარემოებები, საქმის მასალებში იყოს დართული დოკუმენტები, რომლითაც შეიძლება, ჩემი სიმართლეც გადაამოწმოთ”, – აღნიშნა ნიკა კაციამ.
როგორც მანვე აღნიშნა, ტაქსის მძღოლმა ჩვენებაში მისი დაკავება ზუსტად ისე აღწერა, როგორც თავად ჰყვება. მისი თქმით, „პროკურატურა ცდილობს, კონკრეტული ადამიანები საქმიდან გაწიოს”:
„როცა ვამბობ, რომ თეთრი ძაფით არის შეკერილი შავი ტყუილი, იცით, რას ვგულისხმობ? ის ადამიანი, ვინც იქ დამხვდა კაბინეტში და მელაპარაკებოდა, ის არის, ვინც 3 დეკემბერს გადამიღო ვიდეო, რომლის საფუძვლადაც შემდეგ შეთითხნეს, რომ ამას ტატუები აქვს და მოდი, ჩავუდებ ნარკოტიკს“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ თუ ის ნამდვილად ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს და არა საპროტესტო აქციების გამო, რატომ დაუსვეს კითხვები აქციებთან დაკავშირებით?
„რატომ გაქრა მაინცდამაინც აირწინაღი, რომელიც სხვათა შორის, გაფუჭებული იყო, იმიტომ, რომ გასული წლის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებშიც აქტიურად ვიყავი ჩართული.
ნიკა კაცია მოსამართლეს: „თქვენ რომ გითხრათ, მკვლელი ხართო, ასეთ უსამართლობასთან მაქვს საქმე“
ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნახეს, რომ 10-ზე მეტი იყვნენ, ვიდეოს კი არა, ფილმს გადაიღებდნენ, ამ ადამიანებს რომ არ ჰქონოდათ განზრახვა, რომ რეალურად რაღაც უნდა დაებრალებინათ ჩემთვის. ბალაკლავა მომპარეს, სათვალეც. ესეც ნანახი აქვს ტაქსის მძღოლს”. – თქვა ნიკა კაციამ დღევანდელ პროცესზე.
ცნობისთვის, ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. ბრალი მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.
ნიკა კაციას 8-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ფოტოები: ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“
⭕ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა და წამყვანმა, ნიკა კაციამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ უდანაშაულოა და…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Wednesday 19 March 2025