თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
საქმის მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ექსპრეზიდენტის ადვოკატების არცერთი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
უფლებადამცველებს შუამდგომლობების წარდგენა სურდათ.
აღნიშნული შუამდგომლობით ადვოკატები ითხოვდნენ, სასამართლოს პენიტენციური სამსახურისთვის დაევალებინა, სააკაშვილი სათანადო სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოს.
მოსამართლემ სხდომა გადადო, დაცვის მხარემ კი პროცესზე მხოლოდ განცხადება გააკეთა და მოსამართლეს მოუწოდა, პროცესი არ გადაედო ან უახლოეს დღეებში ჩაენიშნა.
ასევე ადვოკატებს სურდათ, მოსამართლეს გაეცა განჩინება – პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სერვისები მიეწოდოს და ასევე ცენტრ “ემპათიას” ექიმების ციხეში დამოუკიდებელი ექსპერტიზის საშუალება ჰქონოდათ.
მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მოეკიდონ ომბუდსმენის რეკომენდაციებს – დეგნანი სააკაშვილზე
საქმის პროკურორების განმარტებით კი, სხდომის გადადების მიზეზი არის ის, რომ ბრალდებულის უფლებაა, საკუთარი საქმის განხილვას დაესწროს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, ბრალდებული პროცესს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სურდათ შუამდგომლობების დაყენება.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ის, რაც დღეს მოხდა, არის გაუმართლებელი დაყოვნება და გაუმართლებელი ხელშეწყობა სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაში ჩასაყენებლად.
“თუ მიზანი ის არის, რომ დღევანდელი შუამდგომლობები არ განვიხილოთ და გადავდოთ დღევანდელი სხდომა, ეს გასაგები იქნება ჩემთვის, უბრალოდ, არავითარი ობიექტური მიზეზები, რომ ეს ასე მოხდეს, არ არსებობს. მით უმეტეს, შუამდგომლობები, რომელიც გვაქვს, არის საჩქარო, მნიშვნელოვანი და შეიძლება სასიცოცხლო მნიშვნელობისაც იყოს, არამხოლოდ საქმისთვის, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვისაც”, – აღნიშნა საძაგლიშვილმა.
მომდევნო პროცესი 11 მაისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, დღევანდელი პროცესი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას უკავშირდებოდა.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს: ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.
მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ