LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვი და პეკინი დაძმობილდნენ: ჩინეთმა დასავლეთი არ გაითვალისწინა და რუსეთს ჩაეხუტა

147
7A0OV5mO0EiP8IV9kDQirBClJIxUnyBu

რუსეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. რუსეთის კიდევ ერთხელ არჩეულ-დანიშნულმა პრეზიდენტმა ორდღიანი ვიზიტის დროს პეკინი და ხარბინი მოინახულა. ამ ქალაქში ვიზიტი შემთხვევითი არ ყოფილა. ეს ქალაქი 1898 წელს რუსეთიდან გადასახლებულებმა დაარსეს და შემდეგ ბოლშევიკების რეპრესიებს გაქცეულები აქ აფარებდნენ თავს, ამიტომ ხარბინი რუსული ემიგრაციის ცენტრი გახდა.

პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მადლობა გადაუხადა თბილი ატმოსფეროს შექმნისთვის. მისი თქმით, მოლაპარაკებები შინაარსიანი და დატვირთული იყო.

„კაცობრიობის მომავალი დამოკიდებულია კაცობრიობაზე“, – თქვა პუტინმა.
გარდა ტრადიციული ბანალური სიტყვისა, მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

მოგეხსენებათ, პუტინის ჩინეთში ვიზიტამდე, სი ძინპინი ევროპულ ტურნეში იმყოფებოდა. ის იქ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

„ფორტუნასთან“ საუბარში ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა:

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სი ძინპინის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან, რომელსაც ასევე დაესწრო ევროკომისიის პრეზიდენტი.
მაკრონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპას არ სურს ქონდეს დაძაბული ვითარება, ცივი ომის პირობები ჩინეთთან. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რუსეთის ომს და მაკრონმა, საფრანგეთის, და ზოგადად უმრავლესობის, პოზიცია დააფიქსირა, რომ ჩინეთმა არ უნდა შეუწყოს ხელი რუსეთს ამ ომის წარმოებაში. მუდმივად ფიქსირდება ჩინეთის მისამართით, რომ არ მოხდეს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდება.
იყო თხოვნა და მოლაპარაკებები, რომ ჩინეთს ზეწოლა დ ზემოქმედება განეხორციელებინა რუსეთზე წასულიყო დათმობებზე უკრაინის ომთან მიმართებაში, თუმცა ჩინეთმა პოზიცია შეინარჩუნა, რომ ის არ არის მხარე, ვერ მოახდენს ზეწოლას და რჩება სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების ერთგული.
უკრაინასთან მიმართებით ჩინეთი დარჩა ურყევად საკუთარ პოზიციაზე. ჩინეთის ლიდერმა დააფიქსირა, რომ რუსეთთან არის სამოკავშირეო ურთიერთობაში და არ იმოქმედებს რუსეთის ინტერესების საზიანოდ“.

მეგობრობა აშშ-ის წინააღმდეგ

პუტინის შეფასებით, „რუსეთისა და ჩინეთის მიდგომები საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემების მიმართ ახლოსაა ერთმანეთთან ან ემთხვევა“.

მსოფლიო მედიასაშუალებები თითქმის ერთხმად აღნიშნავენ მოსკოვისა და პეკინის შეხედულებების თანხვედრას და ამ ქვეყნების თავკაცებს „საუკეთესო მეგობრები“ უწოდეს.

BBC პირდაპირ წერს: „პუტინი ჩინეთში ჩავიდა სი-სთან მეგობრობის გასამყარებლად აშშ-ს წინააღმდეგ“.

ამერიკული ტელეარხი CBS News ყურადღებას ამახვილებს პუტინისა და სი ძინპინის სიტყვებზე ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაფართოების შესახებ, რომ ის სულ უფრო „უსაზღვრო“ ხდება.

ის, რომ ჩინეთის ლიდერი პუტინს მიიჩნევს შეუცვლელ პარტნიორად მსოფლიო წესრიგის შეცვლაში, ამაზე CNN წერს. ორივე ქვეყნის ხელმძღვანელი მსოფლიოში არსებულ ვითარებას უსამართლოდ მიიჩნევს.

მსოფლიო მედიის შთაბეჭდილებები ფაქტობრივად დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„სი ძინპინის ინიციატივა გლობალური უსაფრთხოების შესახებ განიხილებოდა ჩვენი ვიზიტის დროს“, – იუწყება სერგეი ლავროვის სიტყვებს TASS (რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო), – „პუტინის ვიზიტი ამტკიცებს მოსკოვისა და პეკინის ყოვლისმომცველ პარტნიორობას“.

რუსეთის პრეზიდენტის მიღებაში ღრმა სიმბოლიზმი დაინახა ბრიტანულმა Sky News. „ბანკეტი, ჩაის სმის ცერემონია, გასეირნება პარკში – ამან მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ სი ძინპინი და პუტინი როგორც არასდროს ისე არიან ახლოს. მოსკოვისა და პეკინის გზავნილი ნათელია – ახალ წესრიგში დასავლეთი პირველ როლს დაემშვიდობება“.

საინტერესოა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები 40-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს 15 წლის განმავლობაში 2009 წელს გაცნობის შემდეგ. მაშინ სი ძინპინი ჩინეთის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ამერიკული გაფრთხილება

სანამ ზემოხსენებული ვიზიტები შედგებოდა, მანამდე ჩინეთში ჩავიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. „ფორტუნასთან“ საუბარში „რეალპოლიტიკის“ რედაქტორმა აკა ზარქუამ აღნიშნა, რომ:

„ომის დაწყების შემდეგ ჩინეთი ბევრად უფრო ფრთხილად მოქმედებდა, მაგრამ ბოლო თვეებში ორმაგი დანიშნულების პროდუქცია – ჩიპები, დრონები სულ უფრო მეტად მიეწოდება რუსეთს.
ბლინკენის ვიზიტი ალბათ უფრო უნდა აღვიქვათ როგორც ბოლო გაფრთხილება, რომლის შემდეგ ამერიკული ადმინისტრაცია მოწოდებული იქნება გადავიდეს პირდაპირ ქმედებებზე.
გაითვალისწინებენ თუ არაა, ეს დამოკიდებული იქნება ჩინეთის ლიდერის კალკულაციებზე.
ვხედავთ დიდი ცვლილებების ეპოქას ჩინეთში. ასევე ვხედავთ მზარდ ეკონომიკურ პრობლემებს, უძრავი სექტორის კრიზისია. აქედან გამომდინარე ჭირს იმის თქმა გაითვალისწინებს თუ არა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი გაფრთხილებებს, მაგრამ ალბათ ჩინეთი მაინც პირველ რიგში დაინტერესებულია საკუთარი კეთილდღეობით“.

ბუკა პეტრიაშვილმა აღნიშნა: „ჩინეთის საფინანსო ინსტიტუტებსა და ბანკებს აქვთ სერიოზული პრობლემა. ენტონი ბლინკენმა გაახმიანა, რომ ჩინურ ბანკებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და ნახევარგამტარებით უზრუნველყოფაში, აშშ სანქციებს დაუწესებს“.

ჩინური ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პუტინს ჩინურ ბანკებთან ანგარიშსწორებასა და აშშ-ს მხრიდან სანქციებზეც ჰკითხეს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლური შეზღუდვები მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არალეგიტიმურია. რაც შეეხება პრობლემის გადაჭრას, რუსეთი და ჩინეთი აამოქმედებენ ეროვნულ საგადასახადო სისტემებს ეკონომიკური ოპერატორების მომსახურებისთვის. მისი თქმით, პროცესი უკვე ჩაშვებულია.

ჩინეთში ამდენი ვიზიტი თუ ჩინეთის ლიდერის ევროპაში ვოიაჟი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყნის როლი ძალიან აქტუალურია. სი ძინპინმა პუტინს მოკლე თეზისები წარუდგინა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რუსეთის ლიდერი დაინტერესდა თუ რა უთხრეს სი ძინპინს ევროპაში. პუტინმა ჩინეთის პოზიციას მოქნილი უწოდა.

რუსეთი – ჩინეთის სახედარი

ბუკა პეტრიაშვილი:
„უკრაინაში ომთან დაკავშირებით დაფიქსირებულია პოზიცია, რომ რუსეთი მიესალმა ჩინეთის სამშვიდობო გეგმას. შეგახსენებთ, 2023 წელს ჩინეთმა გამოაქვეყნა და ეყრდნობა კონფლიქტის გაეროს წესდების პრინციპებით მოგვარებას. ამ საერთო განცხადებაში საინტერესო ჩანაწერია, რომ მხარს უჭერენ კონფლიქტის შემდგომი გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯების ყოველგვარ შეწყვეტას და ასევე ნახსენებია ფრაზა „ვიდრე კონფლიქტი გადასულა არაპროგნოზირებად ფაზაში“.

საინტერესოა რა იგულისხმება? შესაძლოა ეს იყოს გარკვეულწილად ერთგვარი მუქარაც, მიმართული როგორც უკრაინის, ასე საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ამ ვიზიტით ჩინეთმა კვლავ დაადასტურა რუსეთის მხარდაჭერა. მხარეებმა გააფორმეს 80-ზე მეტი შეთანხმება.

ჩინეთი მშვიდად იპყრობს რუსეთს და რუსეთი ხდება ჩინეთის ბენზინგასამართი სადგური და ვასალი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოიყენა საინტერესო ფრაზა ვიზიტის აღსაწერად, რომ სტუმარი არის მასპინძლის სახედარი. ეს უმალ გადაითარგმნა, რომ რუსეთი არის ჩინეთის სახედარი. დემონსტრირება გაკეთდა, რომ რუსეთი მზად არის უფრო მეტ დათმობაზე წავიდეს, მთავარია ჩინეთმა ხელი არ გაუშვას მის მხარდაჭერას და ნახევარგამტარების მიწოდებას, რაც მნიშვნელოვანია რუსული შეიარაღებისთვის“.

ფოტო: themoscowtimes
kompas
news10
wpri

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები