რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასანის შეხვედრასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრაღაში გამართული შეხვედისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს და ის დოკუმენტი განიხილეს, რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგს ეხება.
დოკუმენტში ასევე საუბარია 2018 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის წარმატებასა და საქონლის ტვირთბრუნვის გაზრდაზე. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოს-ნატოსთან ურთიერთობის საკითხზეც და აღნიშნულია, რომ მოსკოვი სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებით.
რუსეთის საგარეო უწყება რეგიონის გარე ძალების მიერ ამიერკავკასიის სამხედრო ათვისებას რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხედ აფასებს.