LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის სამიზნე საქართველოს მომავალი არჩევნებია – ანდერს ფოგ რასმუსენი

98
anders

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ბევრი ანგარიში ცხადყოფს, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

ვირტუალურ პრესკონფერენციაზე, სადაც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა, რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ და არა კრემლმა, ევროპამ ან აშშ-მ.

„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ დაამტკიცა თავისი ერთგულება დემოკრატიული განვითარებისადმი და ის გახდა დემოკრატიული ქვეყნების გლობალური ოჯახის ღირებული წევრი. რუსეთმა კი შექმნა სქემა, რომელიც არის დეზინფორმაციული და უკანონო ფინანსური ქმედებების, ასევე კიბერთავდასხმების კომბინაცია, ამის მიზანი კი დემოკრატიული პროცესების დელეგიტიმაციაა“, – განმარტავს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ახორციელებს ნატოს წევრობისთვის საჭირო მკაცრ კრიტერიუმებს.

„სამხედრო სტანდარტები უკვე ძალიან მაღალია და შესაბამისობაშია ნატოს სტანდარტებთან. ასევე ძალიან ბევრი გაკეთდა სამოქალაქო სექტორშიც იმისთვის, რომ ქვეყანა ნატოს სტანდარტებს დაახლოვებოდა. ასე რომ, ამ პერსპექტივიდან, თქვენ ამზადებთ ნიადაგს,“- აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, გარე ძალების ჩარევის მცდელობის აცილება შეუძლებელია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ მცდელობას უნდა შეეწინააღმდეგოს.

„ჩვენ არ მივცემთ კრემლს იმის საშუალებას, რომ ჰქონდეს იარაღი დაბლოკოს საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ არჩევნებში ჩარევის გზით“, – აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევანზე, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, რომ დაბლოკოს საქართველოს გადაწვეტილება ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანების შესახებ. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის გზაზე თბილისისა და ბრიუსელის გადასაწყვეტია და არა კრემლის“, – აღნიშნა რასმუსენმა.

რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში დეზინფორმაციული აქტივობის დიდი ნაწილი რუსეთიდან მოდის.

„უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული რამდენიმე ანგარიშის თანახმად, ევროპაში დეზინფორმაციული აქტივობის დიდი ნაწილი რუსეთიდან მომდინარეობს. ფეისბუქმა მიზანმიმართულად წაშალა რუსეთის სამხედრო ძალებთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც ჩართული იყო კოორდინირებულ არავთენტურ ქმედებაში, რომელიც იყო მიმართული საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთმა შექმნა სქემა, რომელიც არის დეზინფორმაციული და უკანონო ფინანსური ქმედებების, კიბერთავდასხმების კომბინაცია. ამის მიზანი დემოკრატიული პროცესების დელეგიტიმაციაა. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა ეს სქემა გამოიყენა დემოკრატიულ სამყაროში მიმდინარე არჩევნებისა და რეფერენდუმების პროცესში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. საქართველოს დემოკრატიული პროგრესი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები რუსეთს ხელს არ აძლევს, სწორედ ამიტომ, მოსკოვის სამიზნე ამჯერად საქართველოს მომავალი არჩევნებია“, – განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ტრანსატლანტიკურმა კომისიამ წარმოადგინა დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ. რასმუსენის განმარტებით, ეს არის გამჭვირვალე და ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გლობალური სტანდარი. მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს დათქმაზე ხელისმოწერისკენ მოუწოდა.

არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის მიზანი არის საერთაშორისო ჩარევის რისკის შემცირება და საქართველოს დემოკრატიულობის მდგრადობის ზრდა საერთაშორისო გავლენების წინააღმდეგ. ამ დათქმით, ჩვენ ვთხოვთ კანდიდატებს, რომ ჩარევით დაინტერესებულ პირებს მტკიცედ განუცხადონ, რომ უარს ამბობენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ დახმარებაზე უცხო ქვეყნის მხრიდან. ეს არის დათქმა ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელსაც სურს ღირსეული საარჩევნო კამპანიის წარმოება. ციფრულ დროს ეს ნიშნავს იმას, რომ კანდიდატებმა არ უნდა გამოიყენონ მონაცემები, რომლებიც შეიძლება იყოს მოპარული, ასევე არ უნდა გაავრცელონ გაყალბებული აუდიო ან ვიდეომესიჯები, როგორიც არის „ფეიკ ვიდეოები“ და უნდა იყო გულწრფელი თუ საიდან მოდის მათი კამპანიის დაფინანსება. საქართველოს ხუთმა პარტიამ უკვე მოაწერა ხელი დათქმას და ესენი არიან: „ქართული ოცნება“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ და „ლელო საქართველოსთვის“. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი პარტია შეუერთდება ჩვენს ინიციატივას, ამითი ისინი გააცხადებენ თავის პოზიციას, რომ მათი პრიორიტეტი საქართველოს დემოკრატიულობის დაცვაა“, – განაცხადა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g