მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას შსს ადასტურებს.
შსს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, იური ლუჟკოვი საქართველოში ლეგალური საბუთით შემოვიდა, რომელშიც მის მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ დარღვევის” არანაირი მონაცემი არ ყოფილა.
იური ლუჟკოვი 2006 და 2009 წლებში ოკუპირებულ სოხუმშია ნამყოფი და ორჯერ აქვს დარღვეული ”ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი”.
”დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი” – დასძინა ხუციშვილმა.
ვინ უნდა აგოს პასუხი
„ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლით დარღვეულია კანონი და როცა ხელისუფლება ასეთ საქმეზე არ რეაგირებს, ის არის უღირსი ხელისუფლება“, – ასე ეხმაურება საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის ვიზიტს ნაციონალური მოძრაობა.
„ლუჟკოვი საქართველოში „კაგებეშნიკურად” შეფუთული ჩამოვიდა, რაც არის ფანდი და არ უნდა მოვტყუვდეთ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ლუჟკოვის ვიზიტი მიუღებელია სერგი კაპანაძისთვისაც. როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თუ კანონი დარღვეულია, ამაზე პასუხი დამრღვევმა უნდა აგოს.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში მეუღლესთან ერთად იმყოფება. 80 წლის ლუჟკოვმა თანმხლებ პირებთან ერთად სოფელ ქანდაში, 13 ასურელი მამის მონასტერი მოინახულა. ვიზიტის ამსახველი ფოტოები ”ფეისბუქის” პირად გვერდზე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმემ გაავრცელა.
თუ შემოუშვეს ქვეყანაში და წირვაზე მოვიდა, გამეგდო?!.
„ამ კაცს მე მივეცი ვიზა? მე მივანიჭე მას თბილისის და ბათუმის საპატიო მოქალაქეობა? თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში და ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა წადი აქედან-თქო? ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის, პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი. რაც მთავარია, ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის მივცემ უფლებას, რომ პოლიტიკაზე ილაპარაკოს, მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ. ჩემ აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, გინდ მტერი მოვიდეს და გინდ მეგობარი. ეს არის ჩემი კერძო აზრი, ამიტომ თუ რომელიმე თქვენთაგანი დავაბრკოლე, შენდობას გთხოვთ”, – წერს არქიმანდრიტი სერაფიმე.