ქართველი მოსწავლეები ადგილობრივი წარმოების პლანშეტებით ისარგებლებენ. პირველი ქართული ტელევიზორის მწარმოებელი კომპანია AG Telekom, პლანშეტის გამოშვებას იწყებს. ტექნიკის შექმნაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მზად არის პროექტი, წარმოების დაწყება კი 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პლანშეტი Android-ის ბაზაზე დამზადდება და საწყის ეტაპზე რამდენიმე სკოლაში დარიგდება.
”თავდაპირველად მასობრივი ხასიათი არ ექნება რეალიზაციას. სახელმწიფოსთან გავაფორმებთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რის საფუძველზეც ქართული პლანშეტებით მოსწავლეები ისარგებლებენ. ამის შემდეგ კი წარმადობას გავზრდით და სავაჭრო ქსელებშიც შევალთ”, – განმარტეს AG Telekom- ში.
მათივე ცნობით, პლანშეტების შემდეგ კომპანია ამავე წლის ზაფხულში ე.წ სმარტ ტელევიზორებსაც გამოუშვებს. ეს იქნება ჭკვიანი ტელევიზორები, რომლებშიც ჩამონტაჟდება ”ანდროიდ სისტემა” და ქართველი მომხმარებლი მის შეძენას საკმაოდ მალე შეძლებს. ”რაც შეეხება, ფასს, ვეცდებით, რომ იყოს ყველასთვის მისაღები”, – აღნიშნეს ელექტრონული საქონლის მწარმოებელ კომპანიაში.
ცნობისთვის, კომპანია AG Telekom-მა რუსთავში ელექტრონული საქონლის მწარმოებელი ქარხანა 2014 წელს დაარსა. საწარმომ თავდაპირველად ლედ-ნათურების წარმოება დაიწყო, შემდეგ კი პირველი ქართული ტელევიზორიც გამოუშვა. ტელევიზორები რეალიზაციაში 2016 წლის 30 მაისს ჩაეშვა და იყიდება შემდეგ სავაჭრო ქსელებში: ”გორგია”, ”ალტა ოქეი”, ”მეტრომარტი” და ”მეგატექნიკა”. ამასთან, პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყანაში – აზერბაიჯანშიც გადის.