პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გამოაცხადა, რომ პოლონეთმა გერმანიასთან და ლიეტუვასთან საზღვრებზე დროებითი კონტროლი შემოიღო.
„ჩვენი გადაწყვეტილება შეუქცევადია, სხვა ქვეყნებში არსებული ემოციების მიუხედავად“, – ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დონალდ ტუსკმა გერმანიიდან არალეგალი მიგრანტების დაბრუნების შესახებაც ისაუბრა:
„რამდენჯერმე ვესაუბრე გერმანიის კანცლერს და ვაცნობე, რომ პოლონეთის მოთმინება ამ საკითხთან დაკავშირებით იწურება“.
ევროპა ლიბიას შეჩერებას თხოვს
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ცნობით, 2021 წელს ლიბიიდან ევროპაში 32 400 ლტოლვილი და მიგრანტი გადავიდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
ევროკავშირის მიგრაციის კომისარმა მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ევროპა ლიბიის ხელისუფლების მიმართ „მკაცრ“ პოზიციას დაიკავებს ხმელთაშუა ზღვაში არალეგალური მიგრაციის ზრდის გამო.
„ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გვაღელვებს. ვფიქრობ, სწრაფები და ურყევები უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა მან.
საბერძნეთმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა რეგიონის საერთაშორისო წყლებში სამხედრო გემების გაგზავნის შესახებ, მას შემდეგ, რაც ლიბიიდან საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე გადასვლის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
ლიბია ევროპისკენ მიმავალი საზღვაო გზების მთავარი სასტარტო წერტილია და იქ ლტოლვილებისა და მიგრანტების მიმართ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები, მათ შორის წამება, ფართოდ არის დაფიქსირებული.
აპრილში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შესთავაზა ევროკავშირის გარე საზღვრისა და სანაპირო დაცვის თანამშრომლების რაოდენობის 30 ათასით გაზრდა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ევროპის გარე საზღვრების დაცვის ეფექტიანობას.

ხმელთაშუა ზღვა ფრანკო-ბრიტანული გეგმის წინააღმდეგ
ხმელთაშუა ზღვის ხუთმა ევროპულმა სახელმწიფომ გააკრიტიკა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი. იტალიამ, ესპანეთმა, საბერძნეთმა, მალტამ და კვიპროსმა ევროკომისიაში ამის შესახებ წერილობითი საჩივარი შეიტანეს.
რა არის გარიგების პირობები?
ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობები მიგრანტების გაცვლის „ერთი შემოსული, ერთი გასული“ სქემას განიხილავენ.
გეგმის თანახმად, დიდი ბრიტანეთი არალეგალურ მიგრანტებს საფრანგეთში დააბრუნებდა იმ პირების სანაცვლოდ, რომლებიც თავშესაფარს ოჯახების გაერთიანების სქემის ფარგლებში ითხოვდნენ.
პარტნიორობის მიზანია გაერთიანებული სამეფოს თავშესაფრის სისტემაზე ზეწოლის შემსუბუქება და ამავდროულად, საფრანგეთს მიეცეს იურიდიული საფუძველი, რათა უკან დააბრუნოს მიგრანტები.
თუმცა, არსებობს შიში და ვარაუდი, რომ ბრიტანეთის მიერ უარყოფილთა უმეტესობა სამხრეთ ევროპაში გაიგზავნება, რადგან ევროპული კანონმდებლობის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლებმა თავშესაფარი ევროკავშირის ომ ქვეყანაში უნდა მოითხოვონ, სადაც პირველად ჩავიდნენ.
ბებერ კონტინენტზე შესვლის ქვეყანა კი ხშირ შემთხვევაში „ხმელთაშუა ზღვის ხუთეულის“ ერთ-ერთი ქვეყანა აღმოჩნდება ხოლმე.

ადამიანის უფლებები თუ ეროვნული ინტერესები
მაისში, დანიის ხელისუფლებამ, იტალიელ კოლეგებთან ერთად, სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომელშიც მოითხოვდნენ იმის ანალიზს, თუ რამდენად სწორად განმარტავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
დოკუმენტს კიდევ შვიდმა ქვეყანამ მოაწერა ხელი. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ბალანსი“ მიგრანტების სასარგებლოდ გადახარა, რითაც სახელმწიფოების ეროვნული ინტერესები გათელა.
ხელმომწერებმა მოითხოვეს დანაშაულის ჩამდენი მიგრანტების დეპორტაციის პროცედურების გამარტივება, კრიმინალი უცხოელების თვალყურის დევნების გაფართოებული შესაძლებლობები და უფრო ძლიერი ინსტრუმენტები.
დანიის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო იქნება „დაბრუნების ცენტრების“ – ევროკავშირის გარეთ სპეციალური ბანაკების შექმნის იდეის პოპულარიზაცია, სადაც მიგრანტები განთავსდებიან მათი განაცხადების დამუშავების პროცესში.
ასეთი ცენტრები უკვე შეიქმნა ალბანეთში იტალიასთან შეთანხმების საფუძველზე, თუმცა ინიციატივას სერიოზული იურიდიული დაბრკოლებები და ადამიანის უფლებათა დამცველების აღშფოთება მოჰყვა. დანია შეუერთდება იტალიას, რათა დაარწმუნოს ევროკავშირის დანარჩენი 25 ქვეყანა, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია ევროპისთვის, რომელიც უკონტროლო მიგრაციით იტანჯება.
რომელი ქვეყანა აბრუნებს არალეგალებს
როგორია ოფიციალური სტატისტიკა, ვინ აბრუნებს ყველა მეტ არალეგალ მიგრანტს?
ევროსტატის 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სლოვაკეთმა ყველაზე ნაკლები არალეგალი მიგრანტი – 55 ადამიანი დააბრუნა, შემდეგ მოდის სლოვენია – 80 მიგრანტი და შემდეგ პორტუგალია – 85.
საფრანგეთმა თითქმის 4 000 ადამიანი დააბრუნა, გერმანიამ და ესპანეთმა 3 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი გააძევეს.
2025 წლის პირველ კვარტალში, ევროსტატის მონაცემებით, არალეგალი იმიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა ისევ საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ასევე კვიპროსიდან დაბრუნდა. ლუქსემბურგმა, სლოვენიამ და სლოვაკეთმა მიგრანტების ყველაზე მცირე რაოდენობა გააძევეს.
მონაცემები მიუთითებს, რომ ევროკავშირი, მთლიანობაში, აძლიერებს ძალისხმევას არალეგალური მიგრაციის შესაკავებლად.

ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, 2024 წლის მარტიდან მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდში ლა-მანშის სრუტის 44 125 უკანონო გადაკვეთა დაფიქსირდა, რაც წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიგრაციის ობსერვატორიის ცნობით, 2025 წლის იანვრიდან მაისამდე დაახლოებით 14 800 მცირე ზომის გემის გადაკვეთა აღრიცხეს, რაც ოდესმე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
Frontex-ის მონაცემებით, ცენტრალურ და დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაში იტალიისა და ესპანეთისკენ მიმავალი არალეგალური მიგრაციის მარშრუტების რაოდენობა 2025 წლის პირველ თვეებში წინა წელთან შედარებით გაიზარდა (შესაბამისად, 7%-ით და 6%-ით). საბერძნეთში, პირიქით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მარშრუტზე უკანონო საზღვრის გადაკვეთის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა – 30%-ით.
ევროსტატის უახლესი მონაცემებით, საფრანგეთი 2023 წელს მეორე ადგილზე იყო თავშესაფრის მაძიებელთა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადასახლების მოთხოვნების რაოდენობით – 48 724. იტალიაში კი ბლოკის სხვა ქვეყნებიდან არალეგალი მიგრანტების მიღების ყველაზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა – 42 468.

ფოტო: foreignpolicy
euronews
hungarytoday