“ძალიან მოულოდნელი და მიუღებელია ის, რომ უკრაინის სახალხო დამცველს საკუთარი მოქალაქის მონახულებაზე და ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს.” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა.
ლომჯარიას თქმითვე, უკრაინის ომბუდსმენის აპარატი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტია და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ღიარებულია, რომ ის სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრინციპებს:
“ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ უკრაინის ომბუდსმენთან. მას ასევე ჰქონდა ძალიან კარგი საქმიანი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან. ძალიან მოულოდნელი და მიუღებელია ის, რომ უკრაინის სახალხო დამცველს საკუთარი მოქალაქის მონახულებაზე და ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს.
მინდა ვთქვა, რომ უკრაინის ომბუდსმენის აპარატი არის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებულია, რომ ის სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებს, რითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტები.
მე მხარს ვუჭერ უკრაინის ომბუდსმენის აპარატს და ვფიქრობ, საქართველომ არა მხოლოდ როგორც მეგობარმა სახელმწიფომ, არამედ ქვეყანამ, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს, ამ პროცესის გამჭვირვალობას მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი.” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში მყოფმა უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ გუშინ განაცხადა, რომ მან ყველა საჭირო დოკუმენტები გაგზავნა შესაბამის სამსახურებში და იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას ელოდებოდა, რათა მიხეილ სააკაშვილს შეხვედროდა. დღეს კი თქვა, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი უთხრეს.
დღესვე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა და სახელმწიფოსდ ამის ვალდებულება არ აქვს.