LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ – ნათელია, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს“ – ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში

119
ianez-lenarchichi_w_h

“მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ , – ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან დემოკრატიის პრინციპებისადმი, კანონის უზენაესობისადმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას ითხოვენ.

“შთამბეჭდავი სცენები გასულ წელს უკვე ვნახეთ საქართველოდან. ყველა ასაკის მოქალაქეს ეკავა საქართველოს და ევროკავშირის დროშები, აჩვენებდნენ ძლიერ კავშირს დემოკრატიასთან, ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ევროკავშირისადმი საქართველოს გზასთან. მაშინ მმართველმა პარტიამ და მთავრობამ საჯარო პირობა მისცა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მსგავსი კანონპროექტი არასდროს დაბრუნდებოდა.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, გაიწვიონ კანონპროექტი, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. ნათელია, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. თუ მიღებული იქნება, ის ძირს გამოითხრის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე.

ქართველების მომავალი ევროკავშირშია. კანდიდატის სტატუსმა, რომელიც გასულ წელს მიენიჭა [საქართველოს], ჩვენი ურთიერთობები ყველაზე მეტად დააახლოვა. ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციები მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელმაც წვლილი შეიტანა ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ წარმატებასა და პროგრესში.

შემოთავაზებული კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობებს შეზღუდავს. გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და არასამართლიანად მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებების სტიგმატიზაციას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ასევე გავლენას მოახდენს ევროკავშირის საქართველოს ხალხისადმი მხარდაჭერაზე, ვინაიდან მისი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხორციელდება. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს.

ევროკომისიამ თავის გაფართოების ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, კონკრეტულად კი 9 ნაბიჯი. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან, საქართველოსგან ელიან, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შესაბამისობაში იქნება. კონკრეტულად მოვითხოვთ დემოკრატიის პრინციპებისადმი, კანონის უზენაესობისადმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას. ამ ძირითად სფეროებში მხოლოდ არსებითი და შეუქცევადი პროგრესი ადგენს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასა და სისწრაფეს”, – აღნიშნავს ევროკომისარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები