LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ კულტურის სამინისტროს, მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა შეწყვიტოს: კოალიცია

93
1

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებას ავრცელებს და კულტურის სამინისტროს მიმართავს – მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა შეწყვიტოს.

აღნიშნული განცხადებით, კოალიცია დღეს კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ტვ “პირველის” ჟურნალისტის არშეშვების ფაქტს ეხმაურება.

წულუკიანი ტვ პირველის ჟურნალისტს – თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები

განცხადების ავტორები ასევე მიმართავენ სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველ პირს, რათა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში:

?  შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია;

?  მოამზადოს და შესაბამის დაწესებულებებს / პირებს გაუგზავნოს ზოგადი წინადადებები დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

“დღეს, 2021 წლის 08 დეკემბერს გავრცლებული ინფორმაციით, კულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით მინისტრმა ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია “TV პირველის” წარმომადგენლები კი შეხვედრაზე არ შეუშვეს. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ, უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ “აღვირახსნილი”მედიის წარმომადგენელი.

ჟურნალისტი, რომელიც კულტურის სამინისტროს შენობაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ საშვთა ბიუროში წინა პრაქტიკის მსგავსად კონკრეტული ტელევიზიები შეუშვეს, რომლებიც წინასწარ გადაცემულ სიაში ჰყავდათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კულტურის სამინისტრო მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენს. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ასევე არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. 2021 წლის 11 ნოემბერის იდენტური ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს  მიერ.

მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.

საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ წესებს.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.” – წერია განცხადებაში.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, კოალიცია “მედიის ადვოკატრებისთვის” მზად არის, წარმოადგინოს ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების ინტერესები სადავო საკითხის განხილვისას.

magti 5g