მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილება შესახებ გამოაცხადა, ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. უკვე მე-13 დღეა, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის პარალელურად, აქციები იმართება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ამასთან, პროტესტს გამოხატავენ საზღვრებს მიღმა მყოფი ემიგრანტებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან ძალის გამოყენებით აქციების დაშლას, მოქალაქეების ცემასა და დემონსტრანტების დაკავებებს აპროტესტებენ.
გერმანიაში, ბრემენში მცხოვრებმა განათლების მეცნიერებების მაგისტრატურის სტუდენტმა ნათია გოგილაშვილმა, რომელმაც, რამდენიმე თვის წინ, თანამოაზრეებთან ერთად საინიციატივო ჯგუფი შექმნა, გადაწყვიტა, აქციებზე დაფიქსირებულ კადრებსა და აქციის მონაწილეების თავსგადახდენილ ამბებს თავი ერთად მოუყაროს, თარგმნოს და დამთვალიერებელს მოძრავი გამოფენის სახით წარუდგინოს.
აღნიშნულ ინიციატივის შინაარსზე ნათია გოგილაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრობს:
„ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ბრემენში შეიქმნა. რამდენიმე თვის წინ, საქართველოში განვითარებული მოვლენების პარალელურად, დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლებოდა ჩავრთულიყავით სამოქალაქო აქტივიზმში ერთობლივი რესურსებით და არა ცალ-ცალკე, როგორც მანამდე ვაკეთებდით. ჩვენს ჯგუფში ამ ეტაპზე ათამდე ადამიანია, ძირითადად, სტუდენტები.
ჩვენი მთავარი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ კურსს, აქტუალური სიტუაციიდან გამომდინარე, ვცდილობთ მივიქციოთ გერმანიაში მცხოვრები ადამიანების ყურადღება და ჩვენი მოძრავი გამოფენა/„ვორქშოპის“ იდეაც აქედან დაიბადა.
მთელი მსოფლიო უყურებს კადრებს საქართველოდან, იციან, რა ხდება. დეკემბრის რამდენიმე დღე რუსთაველზე რომ არ გამეტარებინა, რისი გადატანა გვიწევს, ჩემთვისაც კი გაუგებარი იქნებოდა, ამიტომ გვსურს, სწორედ ამ ემოციებსა და გამოცდილებაზე მოვყვეთ – რისთვის ვიბრძვით, რატომ ვდგავართ იქ და არ ვნებდებით“, – აღნიშნა ნათია გოგილაშვილმა „ფორტუნასთან“.
ინიციატივით დაინტერესებულ პირებს იდეის ავტორი დამატებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში უზიარებს და წერს:
„ვაგროვებთ ამბებსა და ფოტოებს აქციებიდან. ეს ყველაფერი აიკინძება, ითარგმნება და გერმანიაში მოძრავ გამოფენად გადაიქცევა.
ამისათვის ვეძებთ ამბებს, თქვენზე! ემოციებსა და განცდებზე რომ მოჰყვეთ, თუნდაც რამდენიმე წინადადებით. აი, მაგალითად, ასეთი რამ: ,,მეცხრე დღეა აქ ვარ, გვეუბნებიან რომ აზრი არაფერს აქვს, არ მჯერა… აზრი ყოველთვის აქვს ბრძოლას. დედაჩემს ეშინია და დღეს აღარ მითქვამს აქციაზე რომ გამოვდიოდი, გუშინ რომ გაზის ბოთლი მომხვდა, ეგეც არ მითქვამს, გადავრჩი და ტყუილად ინერვიულებდა, ის ბიჭი არ ვიცი როგორაა… “
ფოტოების ავტორი, რა თქმა უნდა, ყველგან მითითებული იქნება. ამბებზე შეგიძლიათ მიუთითოთ სახელი და ასაკი. გვარი და ა.შ. არსად დაფიქსირდება.
მე სულ რაღაც ოთხი ღამე ვიდექი რუსთაველზე, იქ განცდილი და ნანახი არასოდეს, არასოდეს გაფერმკრთალდება. ამ პატარა პროექტის მიზანია, მოვყვეთ ჩვენს ბრძოლაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ემოციურ დონეზე გავაგებინოთ და ვესაუბროთ ხალხს, რა გვინდა, რის ფასად და რატომ ვიბრძვით.
საკონტაქტო: ნათია გოგილაშვილი [email protected]“. – წერს ნათია გოგილაშვილი სოციალურ ქსელში.
📣📣📣 ვაგროვებთ ამბებსა და ფოტოებს აქციებიდან. ეს ყველაფერი აიკინძება, ითარგმნება და გერმანიაში მოძრავ ,,ვორქშოპად”…
Posted by Natia Gogilashvili on კვირა, 08 დეკემბერი, 2024