იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებულმა საზეიმო წვეულებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. ღონისძიება გაიმართა იტალიური სამზარეულოს მე-10 მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანის კანდიდატს – მდიდარი კულინარიული ტრადიციებით გამორჩეულ იტალიურ სამზარეულოს.
„იტალიური სამზარეულოს კვირეულის მიზანია, წარმოაჩინოს იტალიის მრავალფეროვანი ენოგასტრონომიული მემკვიდრეობა, სხვადასხვა რეგიონის კულინარიული ტრადიციები, საუკეთესო იტალიური ნაწარმი და ასევე, ჩვენი გამორჩეული შეფ-მზარეულების ხელოვნება”, – აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და დასძინა:
„ეს ღონისძიებაც იმ მნიშვნელოვანი ინიციატივის ნაწილია, რომელსაც იტალიის საელჩო ემილია-რომანია რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს. იტალიური სამზარეულოს მე-10 მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, საქართველოში წარმოვადგინეთ გასტრონომიის კუთხით იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და უაღრესად საინტერესო რეგიონის სამზარეულო. ემილია-რომანია გამოირჩევა დაცული წარმომავლობის ნიშნის მქონე პროდუქტების მრავალფეროვნებით, რომელთა შორის სახელგანთქმული პარმიჯანო, პარმის ლორი, ბოლონიური მორტადელა და მოდენური ბალზამიკოა“.
იტალიის საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით ორგანიზებულ საზეიმო ვახშამს, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორან „დიუმაში“ გაიმართა, დიპლომატიური კორპუსის, სამეწარმეო წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
იტალიური სამზარეულოს საერთაშორისო სკოლა ALMA-ს შესანიშნავმა შეფ-მზარეულებმა, სტეფანო სკარსომ, ალმოს გალეოტიმ და დანიელა ანტონიოტიმ ღონისძიების 120-ზე მეტ სტუმარს იტალიური დელიკატესებისა და საუკეთესო ღვინოებისაგან შექმნილი მენიუ შესთავაზეს. ღონისძიებაზე იტალიური საოპერო მუსიკა ჟღერდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებულმა, იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით ახლახან დაჯილდოებულმა იანო ალიბეგაშვილმა, ცნობილმა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ და შესანიშნავმა პიანისტმა ნიკა ნიყვაშვილმა შეასრულეს.
საზეიმო ღონისძიების დასასრულს გაიმართა იტალიის საელჩოს პარტნიორების მიერ გულუხვად შეთავაზებული პრიზების გათამაშება.
მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორ და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებმაც იტალიური სამზარეულოს მე-10 მსოფლიო კვირეულის ღონისძიებების ორგანიზებაში წვლილი შეიტანეს!
