LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრავალსართულიანი ავტოსადგომი საქართველოში თებერვალში გამოჩნდება

24

პირველი ვერტიკალური, მრავალსართულიანი ავტოსადგომი თბილისში, თებერვლის თვეში გამოჩნდება. ამის შესახებ “ფორტუნას” ამ ინოვაციური იდეის ერთ–ერთმა ავტორმა, ინჟინერმა მალხაზ ცისკარიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, მთავარი კონსტრუქცია კი დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს ავტომობილების პლატფორმების მოწყობა, შემდეგი საფეხური კი გარეთა კარკასის დამუშავებაა.

“სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება, ველოდებით კონკრეტულ ნაწილებს გერმანიიდან, დასამთავრებელია ავტომობილების პლატფორმების მოწყობა და კარკასი. ვფიქრობთ, რომ თებერვალში უკვე მის გამოცდასაც შევძლებთ”, – განაცხადა მალხაზ ცისკარიშვილმა “ფორტუნასთან”.

საცდელი კონსტრუქცია

 

პირველი ასეთი კონსტრუქცია ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის გამზირზე განთავსდება.

როგორც მალხაზ ცისკარიშვილმა ”ფორტუნასთან” განაცხადა, ვერტიკალური პარკირების ეს მოდელი საცდელი და საჩვენებელი ნიმუში იქნება დაინტერესებული პირებისთვის.

”დაინტერესებულ მომხმარებლებს შეეძლებათ მოვიდნენ, გააჩერონ ავტომობილი, ნახონ როგორ ხდება ვერტიკალური პარკირება. ეს რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე უფასო იქნება. შემდეგ უკვე შეკვეთებზე ვიმუშავებთ”, – განაცხადა მალხაზ ცისკარიშვილმა.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ეს სადგომი ძალიან პრაქტიკულია. მასზე ავტომობილის გაჩერება დიდ დროს არ წაგართმევთ – თქვენ ავტომობილს გააჩერებთ, მის შესაბამის ადგილას განთავსებას კი თავად მოწყობილობა უზრუნველყოფს. პარკინგიდან მანქანის ჩამოყვანას სპეციალური კოდით შეძლებთ.

 

მრავალსართულიანი პარკინგის განვითარების პერსპექტივა

 

საცდელი ნიმუშის შექმნის შემდეგ, ვერტიკალური პარკირების მოწყობილობა კომპანიებსა თუ სხვადასხვა შენობების მფლობელებზე გაიყიდება.

რაც შეეხება ფასებს, ერთი ავტომობილის გასაჩერებელი პლატფორმა დაახლოებით, 3000 დოლარი ეღირება (ერთი ადგილი); 10 ადგილიანი ვერტიკალური ავტოსადგომი 30-35 ათასი დოლარი – ამ ფასში მონტაჟიც იგულისხმება. სადგომების ფასი ადგილების რაოდენობის მიხედვით გაიზრდება. თუმცა, პროეტის ერთ-ერთი ავტორი აღნიშნავს, რომ ეს ფასი სავარაუდოა და სანამ საცდელი კონსტრუქცია არ დამზადდება, მანამდე ზუსტი ღირებულების დასახელება შეუძლებელია.

startup ბიზნესი სახელმწიფომ დააფინანსა

 

ვერტიკალური ავტოსადგომი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინოვაციურ ტექნოლოგიების შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. სამინისტრო პროექტს 100 000 ლარით აფინანსებს. პროექტის ავტორები ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები მალხაზ ცისკარიშვილი და ანზორ საკანდელიძე, კონსტრუქტორი სერგო ჯორბენაძე, ფინანსისტი ფრიდონ გუნცაძე არიან.

თამთა უთურგაშვილი