LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე შესაძლებელი გახდა დაფინანსების მიღება” – გიორგი ჯიბლაძე

32
BeFunky-collage (3)

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მოქმედების არეალი ფართოვდება.

მთავრობამ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები დაამტკიცა.

ცვლილებების თანახმად, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ არეალზე არსებული შეზღუდვა მოიხსნა.

შესაბამისად, ბაღების გასაშენებლად თანადაფინანსება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აღნიშნულ თემაზე “ბიზნესკურიერის” ეთერში სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ ისაუბრა.

სანამ ვისაუბრებთ უშუალოდ პროგრამის შესახებ მინდა გკითხოთ, რა გავლენა მოახდინა უშუალოდ სოფლის მეურნეობაზე პანდემიამ ბატონო გიორგი, რა სახის დახმარება სჭირდებოდათ ფერმერებს და ახლა რა გამოწვევის წინაშე დგანან? ძირითადად რა მიმართულებები იყო მხარდაჭერილი ამ ხნის განმავლობაში?

სხვადასხვა სახის დახმარებები იყო მხარდაჭერილი, მათ შორის სულ ახლახან მორჩა ერთთვიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებას ფინანსური მხარდაჭერის გზით. როგორც მოგეხსენებათ, ეს მხარდაჭერა გულისხმობდა 200-ლარიან დაფინანსებას, იმ პირებისთვის, რომლებიც ფლობდნენ სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.

ეს თანხა შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო მხოლოდ სასოფლო- სამეურნეო საქმიანობის დასაფინანსებლად, სხვადასხვა ინვენტარის შესაძენად სპეციალიზებულ მაღაზიებში.

შარშან, ასევე შესაძლებელი გახდა საბრუნავი საშუალებებისთვის შეღავათიანი აგრო-კრედიტის სესხების გაცემა. ექვსი თვის განმავლობაში სრულიად უფასო ფინანსური რესურსი მიიღეს ქართველმა ფერმერებმა.

ასევე, სადაზღვევო მიმართულებით იყო მხარდაჭერა.

რამდენად აქტიურად ჩაერთნენ ფერმერები?

საკმაოდ მაღალი იყო დაინტერესება, ვინაიდან პანდემიიდან გამომდინარე მაღალი საჭიროება იყო ფერმერებისთვის ფინანსური რესურსი მოძიებულიყო და ეწარმოებინათ ის საქმიანობა, რითაც ისინი არიან დაკავებულნი.

33 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა იმ პირებისთვის, ვინც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ საკუთარ მიწის ნაკვეთზე, ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით 200-ლარიანი დახმარება მიიღეს.

თითქმის 5 მილიონიანი თანადაფინანსება მიიღეს შეღავათიანი აგრო-კრედიტის ფარგლებში, ეს არის პროცენტის სუბსიდია, ხოლო თავად პორტფელი 57 მილიონ ლარზე მეტი იყო.

კარგად გაიყიდა დაზღვევის პოლუსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც მოგეხსენებათ მაღალი რისკის არის სოფლის მეურნეობა და დაზღვევა აუცილებელი მექანიზმია.

გადავიდეთ უშუალოდ სიახლეებზე-როგორც აღვნიშნე, პროგრამის „დანერგე მომავალი“ მოქმედების არეალი ფართოვდება
რა მიმართულებით განხორციელდება თანადაფინანსება, ვინ ისარგებლებს, ვის შეეხება და ამასთან რა ოდენობის დაფინანსება განხორციელდება და რა ვადით?

პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე შესაძლებელი გახდა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში დაფინანსების მიღება, რათა ამ მიწის ნაკვეთზე გაშენდეს შემდეგ, ინტენსიური ან ნახევრად ინტენსიური ტიპის მრავალწლიანი ბაღები.

საჭიროება გამოიკვეთა იქიდან გამომდინარე, რომ თბილისს, ბათუმს შემოუერთდა ახლო-მახლო სოფლები, სადაც რეალურად არსებობდა პოტენციალი იმის, რომ მრავალწლიანი ბაღები გაშენებულიყო.

ამ მიწების ეფექტურად გამოყენების მიზნით იქნა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ყველას თუ იგი ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, შესაძლებლობა ექნება, რომ მათზე დააშენოს მრავალწლიანი კულტურის ბაღები. რა თქმა უნდა, შესაბამისი არეალის მიხედვით, შესაბამისი კულტურები იქნება დაშვებული ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე რეგიონების მიხედვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად მოხდეს იმ მიწების ათვისება, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ აუთვისებელია.

აუცილებლად მინდა გკითხოთ ლურჯ მოცვთან დაკავშირებით, ლურჯი მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა 3მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, იქნება ყოველწლიურად მზარდი რიცხვი? რამდენად მატულობს ყოველწლიურად ახალი პლანტაციების რაოდენობა?
ძირითადად სად არის გაშენებული ქვეყანაში მოცვის პლანტაციები, რა ფართობზე და როგორ აფინანსებთ უშუალოდ იმ ბენეფიციარებს, ვისაც სურს, რომ ჩაერთოს ამ ბიზნესში?

პიროვნებას, ვისაც აქვს მიწის ნაკვეთი როგორ შეუძლია ისარგებლოს თანადაფინანსებით?

შარშანდელი მონაცემებით, სამ მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი განხორციელდა, თუმცა წელს ველით, რომ 3-4-ჯერ გაიზრდება ეს ციფრი, იმდენად რამდენადაც, ორი სამი წლის წინ გაშენებული პლანტაციები უკვე მსხმოიარობაში შედიან. პროცესი ფაქტობრივად, შეუქცევადია და შემოსავალი მუდმივად გაიზრდება. ამ კულტურის მიმართ მაღალია ინტერესიც, რადგან საკმაოდ მაღალი რენტაბელურობა ახასიათებს, შემოსავალიც მაღალია, აქედან გამომდინარე, ქართველი ფერმერების მხრიდან ინტერესიც საკმაოდ გაზრდილი არის.
მაგალითად, მიმდინარე წლის 30 აპრილის მდგომარეობით, „დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 1 450 ჰა მეტი ლურჯი მოცვის პლანტაციები. თანხობრივად, ჯამური ინვესტიცია ამ მიმართულებით, თითქმის 46 მილიონი ლარი არის, საიდანაც სახელმწიფოს დაფინანსებამ 29 მილიონს გადააჭარბა.
ნედლის ღირებულების 70% საბანკო დაფინანსება შეიძლება მიიღოს დაინტერესებულმა პირმა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50% შეიძლება მიიღოს ქართველმა ფერმერმა, ვინც ამ პროექტის ფარგლებში განაცხადს გააკეთებს.
არაუმეტეს, 15 000 ლარი არის დაშვებული ლურჯი მოცვის შემთხვევაში, არეალი მოიცავს ძირითად შემთხვევაში დასავლეთ საქართველოს: სამეგრელოს, გურიასა და იმერეთს.
აღნიშნულ არეალს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ადგენს. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ქართველი ფერმერების მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალია, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ ბევრ ფართობზე გაშენდეს აღნიშნული კულტურა, შესაბამისად, ქვეყანა მიიღებს შემოსავალს, მისი მაღალი რენტაბელობიდან გამომდინარე.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოცვზე, ბატონო გიორგი, რა პოტენცია გვაქვს ექსპორტის მიმართულებით? გარდა მოცვისა, რომელ პროდუქციას აქვს უფრო მეტი შანსი რომ გავიდეს ექსპორტზე და მოგვცეს მოგება?
თუ შეგიძლიათ რომ დაასახელოთ საექსპორტო პოტენციალის მქონე აგრო-პროდუქტები?

საექსპორტო პოტენციალის მქონე აგრო-პროდუქტები ბევრია, თუმცა წლიდან წლამდე შესაძლოა, ცვალებადი იყოს და კონკრეტულად ერთ პროდუქტზე არ იყოს აქცენტი მნიშვნელოვნად გასაკეთებელი.
მსოფლიო ბაზარზე რა მდგომარეობა იქნება ამა თუ იმ კონკრეტულ წელს, ეს პირდაპირ პროპორციულად განსაზღვრავს პროდუქტის ფასს.
თუ მსოფლიოში მაღალი არის მოსავალი, მაშინ შესაძლოა, ფასი დაბალი იყოს.
თუმცა, მოცვის შემთხვევაში ქართველებს უპირატესობა გაგვაჩნია იმ კუთხით, რომ საქართველოში მოყვანილი მოცვი 2-3 კვირით ადრე შედის სიმწიფეში. შესაბამისად, ქართველ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა ამ 2-3 კვირის განმავლობაში საკუთარი პროდუქციის რეალიზება მოახდინონ პრემიუმ ფასად.
რა თქმა უნდა, როდესაც დანარჩენ ქვეყნებში მოსავალი მოვა, ფასიც შემცირდება, მაგრამ ეს 2-3 კვირიანი პერიოდი აძლევს ქართველ ფერმერებს საკმაოდ მაღალ ფასად გაყიდონ საკუთარი მოსავალი.
საინტერესო კულტურებია სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, ატამზე, შარშან სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა იმ კუთხით, რომ 22 მილიონი დოლარის ღირებულების ატმის ექსპორტი განხორციელდა ქვეყნიდან და თითქმის, 100%-ით გაიზარდა წინა წლებთან შედარებით. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო შეიქმნა სამაცივრე მეურნეობები, სადაც შესაძლებელი გახდა ატმის იმ დონეზე გაციება და იმ კონდიციამდე მიყვანა , რომ ის გახდა კარგად ტრანსპორტირებადი სხვადასხვა ქვეყნებში და რისკი ფაქტობრივად, შემცირდა იმისა, რომ ტრანსპორტირების შედეგად გაფუჭებულიყო. შესაბამისად, ამან განაპირობა ამხელა სარეკორდო მაღალი ექსპორტი რომ განხორციელდა შარშან და წელსაც ანალოგიურის მოლოდინი გვაქვს.”-განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ “ფორტუნას” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g