„ნებისმიერი მსგავსი ჩანაწერი მათი [ხელისუფლების] მავნებლური და მოღალატეობრივი საქმიანობის გადაფარვისათვის არის“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ენმ-ის წევრი გია ბარამიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის მისამართით საუბრობს.
როგორც „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ ბოტკოველმა თქვა, ამ გზით ხელისუფლება შეეცადა გადაეფარა გავრცელებული სავარაუდო ჩანაწერი, რომელშიც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.
„ხელისუფლება კიდევ შეეცდება, რომ ბევრი ჩანაწერი გამოაქვეყნოს. მათ ათასი სისულელე იბოდიალეს და ათასი განცხადება გაავრცელეს იმისთვის, რომ ის გადაეფარათ ის, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეალობა რასაც წარმოადგენს რუსული პარტია – „ქართული ოცნება“. ნებისმიერი მსგავსი ჩანაწერი მათი მავნებლური და მოღალატეობრივი საქმიანობის გადაფარვისათვის არის. ეს არის ორკესტრირებული რამდენიმე მედიასაშუალების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ ხელისუფლების პროპაგანდას.
ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ როგორმე გადაფარონ ის სიბინძურე, რაშიც ჩართულია ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით და ივანიშვილი კიდევ პუტინის დავალებით. ისინი წარმოადგენენ პირდაპირ დიდ და პატარა ემისრებს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ცნობისთვის, ინტერნეტში რამდენიმე მედიასაშუალების მიერ კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც სავარაუდოდ, “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის საუბარია ასახული. ჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ, გია ბარამიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ანდრეი კასიანოვის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოთქმას იყენებს.