მშობლების ემოციების გავლენა ბავშვზე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ისაუბრა.
როდიდან აისახება დედის ემოციები შვილებზე?
თემაზე საუბარი მინდა შემდეგი შეხედულებით დავიწყო, რომ ბავშვსა და მშობლებს შორის, განსაკუთრებით კი ბავშვსა და დედას შორის ურთიერთობა, დაბადებამდე, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება. გრძელდება დაბადების მომენტიდან და როგორც კვლევები ადასტურებს, გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე.
ცნობილი პედიატრი და ფსიქოანალიტიკოსი დონალდ ვინიკოტის მიხედვით, ბავშვი განცალკევებულად არ არსებობს, დედის ზრუნვის გარეშე მისი არსებობა მოკლებულია მნიშვნელობას. შესაბამისად „ზრუნვას“ კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებაში, ეს არის პროცესი რა დროსაც მშობლებსა და ბავშვს შორის ყალიბდება სანდო კავშირი, და რა თქმა უნდა ასეთი კავშირები პირველ რიგში ემოციებზე გადის (რასაც ემოციურ მიჯაჭვულობას ვეძახით ხოლმე). ამის მაგალითია მშობლის მხრიდან ბავშვის ხელში აყვანის ქცევა, ეს ქცევა ინტუიტიურია და საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მატარებელი, როგორც მშობლის მხრიდან ბავშვის მოთხოვნილებებისა გაგებისა და თანაგანცდის გამოვლინება – ანუ, მე მესმის შენი, მე შენ გვერდით ვარ…ეს თავის მხრივ ბავშვს უქმნის უსაფრთხოების, სანდოობის და სიმშვიდის განცდას, და დადებითად აისახება ბავშვის ეგოს მთლიანობის განვითარებაზე.
რამდენად მნიშვნელოვანია ექსპრესიების არეკვლა?
მშობლები ხშირად არეკლავენ თავიანთი ბავშვების ემოციების სპონტანურ ექსპრესიებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ემოციური განვითარების წინაპირობა არის სწორედ ასეთი ექსპრესიების არეკვლა, განსაკუთრებით კი დედის მხრიდან – ეს ბავშვს ეხმარება საკუთარი თავის აღქმაში.
თანამედროვე კვლევების მიხედვით მშობელი-ბავშვის ჯანსაღი ემოციური კავშირი ცენტრალურია მენტალური ჯანმრთელობისთვის, როგორც ბავშვისთვის ასევე მშობლისთვის – მაგალითად ამცირებს განწყობისა და შფოთვით აშლილობებს რისკს ცხოვრების მანძილზე. საინტერესოა, რომ საკითხი ნაკვლევია მშობლის თავის ტვინის მუშაობის თავისებურებიდან გამომდინარე – ანუ, არსებობს კავშირი მშობლის თავის ტვინის (კონკრეტული უბნების, რომლებიც დაკავშირებულია ემოციებთან) აქტივობასა და ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას შორის.

დღევანდელ დღეს აქტუალური საკითხია მშობლის „გადაწვა“…
ამას უმეტესად ისეთ კულტურებში ვხვდებით, სადაც მშობლების მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნებია, განსაკუთრებით თუკი მშობლები ბევრს მუშაობენ. მაგალითად, მიმდინარე წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევიდან ჩანს, რომ მშობლის გადაწვა, დედის დეპრესია კავშირშია ბავშვის ემოციურ განვითარებასთან (კონკრეტულად კი ემოციების გაგების უნართან). მშობლის გადაწვა და დედის დეპრესია განსაკუთრებით გოგონებზე აისახება – მათ უჭირთ სხვისი ემოციების გაგება, ანუ არ აქვთ განვითარებული ემოციური კომპეტენცია.
ასევე აქტუალური საკითხია მშობლების შფოთვის მდგომარეობა, რაც აისახება მშობლისა და ბავშვის ინტერაქციაზე, რისკის ქვეშ აყენებს ბავშვის განვითარებას. მაგალითად კვლევების მიხედვით მშობლები, რომლებსაც აქვთ შფოთვა უფრო მეტი დისტრესით პასუხობენ ბავშვის ტიპურ ასაკობრივ ქცევებს. ან აქვთ უფრო თავშეკავებული და მაკონტროლებელი ქცევა, რასაც შედეგად მოჰყვება ის, რომ ბავშვს თანატოლებთან სოციალიზაციის ნაკლები შესაძლებლობა ეძლევა, და უწევთ მრავალნაირ შიშთან გამკლავება.
გარდა ამისა ასეთი ტიპის მშობელი, ბავშვთან ამყარებს უარყოფით, კრიტიკულ და დამსჯელ ურთიერთობას, რასაც თავის მხრივ ბავშვი მიჰყავს პრობლემების მთელ სპექტრთან, მათ შორის ემოციების რეგულაციის სირთულესთან, ქცევით პრობლემებთან და აგრესიულობის მატებასთან.
დღევანდელ დღეს მშობლობა დიდი გამოწვევაა და საკმაოდ რთულია ამდენი მოთხოვნის და საჭიროების პირობებში ემოციური კეთილდღეობის შენარჩუნება. თუნდაც იმის ცოდნა, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენმა ემოციებმა ბავშვზე დაგვეხმარება პროცესის გარკვეულწილად მართვაში და ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემაში.