გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი საქართველოს მწვანე განვითარების სტრატეგიის (Green Growth Strategy) შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგიის შექმნით, ქვეყანა შეიმუშავებს სახელმძღვანელო დოკუმენტს მწვანე ეკონომიკის განვითარებისა და მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის და კლიმატის ცვლილების სტრატეგიების, ასევე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულობის საკითხზე და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.
ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.