LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკისა და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის მიერ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებები საუკეთესოდ დასახელდა

108
GCCA

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები  მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ საუკეთესოდ დასახელდა.

დაჯილდოება შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის 24-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა.

ნომინაციაში „კერძო ინვესტიციების, სამუშაო ადგილებისა და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდისთვის მდგრადი კონკურენტული პროცესის მხარდაჭერა“ გაიმარჯვა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ქეისმა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მონიტორინგის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შედეგად განხორციელებულ რეფორმებს, შეთანხმებული ქმედებების გამოვლენის გადაწყვეტილებებს ეხებოდა. კერძოდ, სააგენტოს მიერ ფარმაციის ბაზარზე 13 რეკომენდაცია გაიცა, რის საფუძველზეც ,საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად,  ქვეყანაში დაინერგა ელექტრონული რეცეპტის სისტემა, ამოქმედდა GMP და GDP სტანდარტი, დაინერგა რეფერენტული ფასი 7000-მდე მედიკამენტზე, შედეგად, რიგ მედიკამენტებზე ფასები შემცირდა და პაციენტებმა მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთება შეძლეს. 2023 წელს კი სააგენტოს მიერ 4 ფარმაცევტული კომპანია 53 მლნ ლარით დაჯარიმდა, სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის მიზნით გამოცხადებულ კონკურსებში იდენტური ფასწარმოქმნის დაწესების გამო.

მეორე ნომინაციაში „სახელმწიფო შესყიდვების გაძლიერება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების აღმოფხვრა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მიზნით“ გამარჯვებული ქეისი ეხებოდა სააგენტოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომლითაც მუნიციპალურ ტენდერში 4 კომპანიის შეთანხმებული ქმედება გამოვლინდა.

კონკურენციის საერთაშორისო ქსელი (ICN) 160-მდე ქვეყნის კონკურენციის და ანტიმონოპოლიურ უწყებას აერთიანებს. 2025 წლის საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა: 500-მდე დელეგატი, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

magti 5g