LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბაზარზე ფქვილის ფასი დაღმავალია – საქართველოში პური ძვირდება

76
5qa7sv157hkrsfq

საქართველოში დასრულდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან პურის ფასის ზრდას აკავებდა.

სუბსიდირების გარეშე თეთრი პურის ფასი საშუალოდ 0,15–0,2 ლარით მოიმატებდა. დღეს პურის, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა, საშუალო ფასი დაახლოებით 0,8–1,0 ლარია.

რა ხდება ამჟამად ბაზარზე და როგორია ტრენდი, აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერის“ ეთერში „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ და პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ ისაუბრეს.

ლევან სილაგავამ დადებითად შეაფასა სუბსიდირების დასრულების პროგრამა და აღნიშნა, რომ ახლა სუბსიდირების პროგრამიდან გამოსვლისთვის ყველაზე კარგი დრო იყო.

„სუბსიდირებას, როგორც მექანიზმს ჩვენ არ ვემხრობით, რადგან ეს არ არის საბაზრო მექანიზმი, ეს გამოსაყენებელია მხოლოდ კრიტიკულ მომენტებში, სამწუხაროდ, ეს კრიტიკული ფაზა ჩვენ გვქონდა იმ პირველადი მოთხოვნილების პროდუქტზე, როგორიც არის პური და ეს პროგრამა დაიწყო იმისთვის, რომ შეკავებულიყო პურის ფასი, რომელიც გამოწვეული იყო ხორბლის საერთაშორისო ბაზრებზე აღმავალი ტენდენციებით.

სექტემბრის თვეში ხორბალი ღირდა 200 დოლარი, დეკემბერში კი 280 დოლარი.

შესაბამისად ფქვილის ფასი მაგ პერიოდში გაიზარდა, 1 ტომარა 1-ელი ხარისხის ფქვილი, 53 ლარიდან ავიდა 68 ლარზე.

აქედან გამომდინარე იძულებითი ნაბიჯი იყო სუბსიდირების პროგრამა.“-აღნიშნა სილაგავამ.

მისივე თქმით, 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასმა 8 ლარით დაიწია და 60 ლარის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, სილაგავამ აღნიშნა, რომ მოსავლის აღება დაიწყო რუსეთში, უკრაინაში, ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც.

„ეს არის ფაზა,როდესაც ფასები მოდის ძირს და მართლაც მსოფლიო ბაზარზე წამოვიდა ფასები ძირს, ტენდენცია არის დაღმავალი“-აღნიშნა ლევან სილაგავამ.

რაც შეეხება ფქვილის ფასს, როგორც სილაგავამ განაცხადა, ტრენდი ქვემოთ მოდის, თუმცა რა დროში ჩამოვა ან ჩამოვა თუ არა პროგნოზი რთულია, რადგან ჯერჯერობით მთლიანად არ შესულა ძალაში ხორბლის მოსავლის აღება.

სუბსიდირების პროგრამის დასრულება „ბიზნესკურიერის“ ეთერში შეაფასა პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, სუბსიდირების პროგრამის დასრულებასა ლოგიკური ნაბიჯი იყო.

„სუბსიდირების პროგრამა საქართველოში არ მიმდინარეობდა მხოლოდ, დიდ ქვეყნებში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც აზერბაიჯანში, სასომხეთში მიმდინარეობდა. იმიტომ, რომ მსოფლიო ფასები ხორბალზე ძალიან გაიქცა.

თუმცა ახლა ნიშნული კარგია, მე რამდენადაც ვიცი უკვე ფოთშიც შემოვიდა უფრო დაბალ ფასად ხორბალი და ეს ყველაფერი უნდა ფოკუსირდეს ფქვილის ფასებში.

მინდა იცოდეთ, რომ რუსული ფქვილი, რომელიც ყაზბეგის საბაჟოზე შემოდის, მისი ფასი 13 დოლარი და 30 ცენტია ,ანუ ეს რომ გადავიყვანოთ ჩვენს თანხებზე, საკმაოდ კარგი ფასია თუ დავუმატებთ დამატებით ღირებულების გადასახადს სადღაც 50 ლარის ფარგლებში გამოდის.

თუმცა ჩვენმა წისქვილებმა სუბსიდირების დასრულების შემდეგ შემოგვთავაზეს,საშუალო ფასი დღეს არის 62 ლარი.

მეპურეთათვის, რა თქმა უნდა კალკულაცია, რომ გავაკეთოთ, საჭირო გახდა ფასის კორექტირება ზრდისკენ, დაახლოებით 8-10 თეთრით.

თუმცა აქვე მინდა გითხრათ, არსებობენ მაღაზიები, ხმამაღლა მინდა ვთქვა, მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამას იყენებენ და ფასებს ზრდიან, მე ვთხოვ მოსახლეობას რომ დაგვირეკონ, გვითხრან.

ვიცით ქვეყანა რა მდგომარეობაშია და ნამდვილად არის იმის დრო, რომ ვიღაცამ კიდე ფასი დაამატოს.

მალხაზ დოლიძე პურის ფასის ზრდას 8-10 თეთრით პროგნოზირებს.

„შესაფუთი მასალა, საფუარი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, არაფრის ფასი პურ-პროდუქტებისთვის არ შეცვლილა, პირიქით, ყველაფერი გაზრდილია.

საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია მრეწველობა, რომელიც პურს აწარმოებს.

გარდა ამისა, მოსახლეობასთან პირისპირ ვრჩებით ჩვენ პურისმწარმოებლები და არა ფქვილისმწარმოებლები.

ამიტომ გარკვეული უკმაყოფილება, რა თქმა უნდა, როდესაც ფასი იცვლება ჩვენსკენ ყალიბდება.

ეს არის ძალიან სამწუხარო მომენტი, მაგრამ ამას ვერ გავექცევით, ეს ასეა.“-აღნიშნა დოლიძემ.

„ბიზნესკურიერის“ კითხვაზე, თუ იწვევს პურის ფასის ზრდა მოხმარების შემცირებას, მალხაზ დოლიძემ აღნიშნა:

„თბილისი დღეში მოიხმარს 400 ტონამდე პურს. აქ არის გათვალისწინებული საშუალო ფიზიოლოგიური ნორმა 1 სულ მოსახლეზე 300 გრამი. მოხმარება ცვალებადია. მაგალითად, როდესაც მარხვაა პურის მოხმარება იზრდება, როდესაც შემოდის მაგალითად ბადრიჯანი, ბაღჩეული მაშინ პურის მოხმარება მცირდება, გარკვეულწილად ზამთარში იზრდება პურის მოხმარება.

არცერთ მეწარმეს არ სურს, რომ ფასი გაზარდოს, ფასი დაკავშირებულია ვაჭრობასთან, დისტრიბუციასთან და მთელ რიგ სირთულეებთან.

ვიმედოვნებთ, რომ ფასი როცა წამოვა დაბლა, კორექტირდება ფასები. მოსახლეობა მინდა დავაწყნარო, რომ არაფერი ასაღელვებელი არ არის.“-განაცხადა მალხაზ დოლიძემ „ბიზნესკურიერთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g