LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონები აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი: „რა მაქვს დასამალი, სიგიჟემდე გინდა, შენი შვილი გყავდეს, მაგრამ ყველაფერზე უარს ამბობ იმიტომ, რომ გაქვს პასუხისმგებლობა შენი ქვეყნის წინაშე…“

610
აკა და გვანცა

აკა მოდებაძემ და გვანცა ციხელაშვილმა WDSF WORLD CHAMPIONSHIP SHOWDANCE LATIN-ზე პირველი ადგილი მოიპოვეს და ლათინურ ცეკვებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. შეჯიბრება გერმანიაში, დრეზდენში, 11 ნოემბერს გაიმართა.

გვანცა: სპორტში პოლიტიკური გავლენები დიდია. მე დავწერე კიდეც სოციალურ ქსელში – „ღმერთო ჩემო, საქართველოს ჰიმნი, რამდენ რამეზე ვთქვი უარი ამისთვის“. როდესაც კარგი წყვილი გამოდიხარ, ძალიან ბევრ შეთავაზებას იღებ სხვადასხვა ქვეყნიდან, ბევრს სურს მათი სახელით გახვიდე. ეს რომ ჩვენ სხვა ქვეყნის სახელით გაგვეკეთებინა, ამ შედეგს გაცილებით ადრე მივაღწევდით. მაგრამ მინდოდა, პირველ ადგილზე საქართველოს ჰიმნის ფონზე ვმდგარიყავი და არა სხვა ქვეყნის სახელით. ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, მე თუ არა აბა, ვინ?! ძალიან ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ასეთია რეალობა. მე მქონდა ეს პასუხისმგებლობა. მინდოდა, ამ სფეროში ჩვენ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონი გაგვეხადა. ყველაფერზე ვთქვით უარი და წლები ვიცდიდით. მივაღწიეთ იმას, რომ პოლიტიკის გარეშე, მსაჯის გარეშე, სუფთა, ნამდვილი სპორტული გზით და სულისკვეთებით საქართველო პირველ ადგილზე დადგა.

აკა: ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი იბრძვის ამ შედეგისთვის. ტურნირის შემდეგ გვითხრეს, მეორე დღეს უფრო გააცნობიერებთ, რამხელა პასუხისმგებლობას ატარებთო და მართალი აღმოჩნდა. უკვე გვაქვს ძალიან კარგი შემოთავაზებები, მსოფლიოს წამყვან მწვრთნელებსა და პედაგოგებთან ერთად ვიმუშავებთ.

გვანცა: მე და აკა იმიტომაც მივეწებეთ ასე ერთმანეთს, რომ ორივე ძალიან მშრომისმოყვარე ადამიანი ვართ, ამბობენ, რომ ნიჭიერებიც. ნიჭი და შრომა თუ ერთად არის, უდიდეს შედეგს გაძლევს. დადგმისთვის ხალხს რომ ტანჯვა სჭირდება, ჩვენს გონებაში ფოიერვერკივით მოდის იდეები. ნიჭს რაც შეეხება, ამ მხრივ, განსაკუთრებით აკა გამოირჩევა, ის ნამდვილი კოსმოსია, უსაზღვრო, მაგრამ ამასთან ერთად არის უდიდესი შრომა. ჩვენ ოც წელზე მეტი, ფაქტობრივად, ბავშვობიდან ვცეკვავთ. ბავშვობიდან ერთად ვართ და ვიცით, რა შრომა ჩავდეთ ამაში. როცა სპორტსმენი ხარ, ყოველდღე, დღეში ორჯერ უნდა გაიარო პროგრამა. უნდა ივარჯიშო, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ძლიერებისთვის. ხანდახან ისე გვტკიოდა კუნთები, ტირილამდე მივდიოდით და ყველაფერზე უარს ვამბობდით, მათ შორის, პირად ცხოვრებაზე. რა მაქვს დასამალი, სიგიჟემდე გინდა, შენი შვილი გყავდეს, მაგრამ ყველაფერზე უარს ამბობ იმიტომ, რომ გაქვს პასუხისმგებლობა შენი ქვეყნის წინაშე, შენი ქვეყანა გიდგას უკან და იცი, რომ ეს უნდა გააკეთო. ჩვენ მართლა არაფერი გვაქვს, მათ შორის არც გართობა და მხოლოდ ჩვენი მიზნისკენ მივდივართ.

აკა: ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, აბა, როგორ ერთობით, როგორ ისვენებთ ერთადო. ოცი წელია, ასეთი გრაფიკით ვცხოვრობთ და არ ვიცით, რა არის დასვენება და გართობა.

ინტერვიუ ვრცლად.

ვიდეო: გვანცა ციხელაშვილის ორიგინალური ცეკვა, რომელიც სოციალურ ქსელებში აიტაცეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები