მსოფლიოში დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება ელექტრომობილები. თითქმის ყველა პოპულარული ავტომწარმოებელი ცდილობს მომხმარებელს ტრადიციული ბენზინზე მომუშავე ავტომობილების ნაცვლად, ელექტრო ძრავის მქონე მოდელები შესთავაზოს. Mercedes-Benz, BMW, Honda ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც ცალკე განყოფილებები შექმნეს ელექტროავტომობილებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კი ამ მხრივ კომპანია Tesla გახლავთ, რომლის მიერ წარმოებულ ავტომობილებსაც მსოფლიო უკვე რამდენიმე წელია წარმატებით იყენებს.
თუმცა, განაპირობებს თუ არა მსოფლიო ტენდენციები საქართველოს საავტომობილო პარკის განახლებას, არის თუ არა მზად ქვეყანა ელექტრომობილებისა და მათთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის დამზადებისთვის? ამ თემასთან დაკავშირებით ”ავტორადიო” ”ეკო ტრანსპორტ ცენტრის” დირექტორს ვასო ურუშაძეს გაესაუბრა, რომელიც დიდი ხანია, რაც ამ საკითხზე მუშაობს და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით…
რატომ ფიქრობთ, რომ მომავალი ელექტრომობილებისაა?
მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანის და გარემოსათვის ეკოლოგიური საფრთხის შექმნაში ავტომობილი მთავარ როლს ასრულებს. საკმარისია ითქვას, რომ ჰაერის დაჭუჭყიანების 80%-ზე მეტი ავტომობილების ძრავებიდან გამონაბოლქვ მავნე ნივთიერებებზე მოდის. ამიტომ ავტომობილების რაოდენობის სწრაფი ტემპით გაზრდა და გარემოზე მათი უარყოფითი გავლენა, მსოფლიოში გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს.
გამოანგარიშებულია, რომ ავტომობილების ძრავების ჯამური სიმძლავრე 1,4 -ჯერ აჭარბებს ყველა დანარჩენი ენერგიის წყაროების ჯამურ სიმძლავრეს. მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ავტომობილების რაოდენობასთან ერთად, მოხმარებული საწვავის რაოდენობაა, რამდენადაც დღეისათვის საავტომობილო ძრავების საწვავების წლიურ მოხმარების ჯამური მოცულობა მსოფლიო მასშტაბით 1.8 მლრდ ტონას აღემატება. შედარებისთვის, დედამიწაზე ყოველ ერთ წუთში იმდენი ნავთობი იწვის, რომ მათი მოცულობა ერთ წუთში 4 ოლიმპიურ საცურაო აუზს გაავსებდა.
ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილიდანაც კი მოხმარებული საწვავის მოცულობის დაახლოებით 30% ტოქსიკური აირების სახით გამოიფრქვევა ატმოსფეროში. ამ სახით ატმოსფეროს დაბინძურების საშიშროება ყოველწლიურად იზრდება მოტორიზაციის დონისა და ქვეყნების ურბანიზაციის ზრდასთან ერთად. ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერთი ადამიანი. მიმოქცევისას ბუნებაში აღდგება ავტომობილის მიერ მოხმარებული ჟანგბადის მხოლოდ 50%. ავტომობილის გამონაბოლქვი აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს. წელიწადში 200 მლნ. ავტომობილი გამოყოფს 200 მლნ ტონა ნახშირჟანგს, 40 მლნ ტონა ნახშირწყალბადს და 20 მლნ. ტონა აზოტის ოქსიდებს.
ავტომობილის გამონაბოლქვში არსებული ტოქსიკური აირები პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, 2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ, გარემოში მავნე ნივთიერებების გავრცელებასთან დაკავშირებით აჩვენა, რომ ავტომობილის გამონაბოლქვი შეიცავს დიდი რაოდენობით NO2, და SO2, რაც ზრდის რესპირატორული დაავადების რისკს თითქმის ორჯერ, როგორიცაა ასთმა, ბრონქიტი, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები და სხვა. დადგენილია, რომ დიდ ბრიტანეთში, ავტომობილის გამონაბოლქვის შედეგად რესპირატორული დაავადებებით კვდება 24 000 ადამიანი.
მავნე ნივთიერებები ხშირ შემთხვევაში ადამიანის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირდაპირი გამომწვევი მიზეზია, ასევე აზიანებს ნერვულ სისტემას, იმუნურ სისტემას და სხვა.
WHO-ს მიხედვით, თითქმის ნახევარი დაავადებები გამოწვეულია გარემოს, კერძოდ ჰაერის დაბინძურების შედეგად. მათ შორის, ავტომობილების გამონაბოლქვის მიერ გამოწვეული დაავადებების სტატისტიკაა: 2,6 მილიონი ადამიანი მსოფლიოში იღუპება გულსისხლძარღვთა დაავადების შედეგად; 1.5 მილიონი ადამიანი იღუპება რესპირატორული დაავადებების შედეგად; 1.4 მილიონი ადამიანი იღუპება წლიურად ფილტვის კიბოთი; 1.3 მილიონი ადამიანი ქრონიკულ ობსტრუქციული ფილტვის დაავადებით და სხვა.
ამ ყველაფერს ემატება მსოფლიო გლობალური დათბობის პროცესიც, რის საფუძველზეც მთელი ცივილიზებული სამყარო შეთამხდა, რომ წარსულში დატოვონ შავი ოქრო და გადავიდნენ სუფთა ენერგიის მოხმარებაზე.
ელექტრომობილია ის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გააჩნია მარტივი კონტრუქცია და მართვის სისტემა, საყოფაცხოვრებო ელექტრო კვების წყაროებიდან დამუხტვის შესაძლებლობა, წარმოადგენს ბიორესურსების ეკონომიის საუკეთესო საშუალებას და რაც მთავარია არ გააჩნია გამონაბოლქვი, სწორედ ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ თამამად განვაცხადო, მომავალი ელექტრომობილებისაა.
რამდენად პოპულარულია საქართველოში ელექტრომობილები?
სამწუხაროდ საქართველოს არ გააჩნია ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკა და ეს ეხება საავტომობილო ტრანსპორტის განვითარებასაც. თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც არ ხდება ნავთობის მოპოვება, სახელწიფო პოლიტიკის დონეზე ხდება ელექტრომობილების პოპულარიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, განათლების დონის ამაღლება, სახელმწიფო ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლება და სხვა. საქართველოს კი ამ მიმართულებით არანაირი სტრატეგია არ გააჩნია, იმ ფონზე როცა არ ვართ ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა და გაგვაჩნია ელექტროენერგიის მოპოვების ძალიან დიდი აუთვისებელი რესურსი.
შესაბამისად პოპულარობაც ნაკლები აქვს ელექტრომობილებს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ორგანიზაცია 2011 წლიდან მუშაობს ამ საკითხზე, მივმართავდით ხელისუფლებას რეკომენდაციებით, თუმცა მაქსიმუმი რაც შევძელით, ეს იყო ის, რომ 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიძინა რამდენიმე ერთეული ელექტრომობილი, რითაც თავად პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდებოდა.
განაპირობებს თუ არა ელექტრომობილების პოპულარობას მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციები?
ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ყველა ქვეყანამ დაიწყო თავიანთი სანავთობო რესურსის მაქსიმალური რეალიზება, რამაც გამოიწვია ნავთობზე ფასების მკვეთრი შემცირება, თუმცა ეს დროებითი ტენდენციაა. მთელი მსოფლიო აცნობიერებს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მოხმარების ერა დგება და ყველა ცდილობს ამ ფერხულში ჩაებას.
მნიშვნელოვანი ნახტომი, ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით, Tesla Motors-მა გააკეთა, თუმცა მას დღეს უკვე არ ჩამორჩება არცერთი ავტომწარმოებელი კომპანია და თითქმის ყველა საავტომობილო ბრენდმა შექმნა ელექტრომობილის კონცეპტი, მათი უმრავლესობა კი უკვე მასიურ წარმოებაზეც იწყებს მუშაობას.
დღეს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, ამათგან 99% შიგაწვისძრავზე მომუშავე ავტომობილებია, 1%-ს კი ელექტრომობილები წარმოადგენენ. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების ვარაუდით, 2030 წელს მსოფლიო ავტოპარკის 30% ელექტრომობილებით იქნება შევსებული, ხოლო 2040 წელს ეს მაჩვენებელი 50%-ს გადააჭარბებს.
არსებობს თუ არა საქართველოში ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და რამდენად არის მზად ქართული ბაზარი მათ მისაღებად?
სამწუხაროდ საქართველოში ელექტრომობილების გასამართი სადგურები და ინფრასტრუქტურა არ არსებობს, მიუხედავად ამისა საქართველოს ავტოპარკი მაინც არის შევსებული რამოდენიმე ათეული ელექტრომობილით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ელექტრომობილი შესაძლებლობას იძლევა საყოფაცხოვრებო ელექტროკვების წყაროებიდან დავმუხტოთ ავტომობილი.
რეალურად რა შედეგები მიიღო მსოფლიომ ელექტრომობილებზე გადასვლით და რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოჰყვა მას?
ელექტომობილების მომხმარებელმა ქვეყნებმა გარდა 100%-იანი ეკოლოგიური ეფექტისა მიიღეს 80%-იანი ეკონომია. ხშირ შემთხვევაში ჩვენ შეცდომას ვუშვებთ, როცა ყურადღებას ვამახვილებთ ელექტრომობილების თვითღირებულებაზე, რა თქმა უნდა ლითიუმ-იონური აკუმულატორის ძვირადღირებულობის გამო ელექტრომობილის ფასი მაღალია ანალოგიურ შიგაწვისძრავიან მოდელთან შედარებით, თუმცა ეს ტენდენციაც დროებითია და მოხმარების გაზრდასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მეშვეობით აკუმულატორების თვითღირებულებაც მკვეთრად შემცირდება. შეცდომას ვუშვებთ იმიტომ, რომ ავტომობილის პირველად ღირებულებასთან ერთად უნდა გამოვიანგარიშოთ ექსპლოატაციის ხარჯი, რომელიც 5-ჯერ (100 ათას კილომეტზე) აღემატება ავტომობილის თვითღირებულების ხარჯებს. ელექტრომობილების შემთხვევაში 70%-იან დანაზოგს ვაკეთებთ საწვავის (ენერგიის) ხარჯზე, 100%-იან დანაზოგს ვაკეთებს საზეთ საპოხი მასალების ხარჯებზე, (ძრავის ზეთი, გადაცემათა კოლოფის ზეთი და სხვა) 60%-იან დანაზოგს ვაკეთებს ტექნიკური მომსახურების ხარჯებზე, რაც გვაძლევს 80% იან წლიურ ეკონომიას.
ეკონომიკური ეფექტს დამატებული ეკოლოგიური ეფექტი იქნება მიზეზი იმისა, რომ მომავალში ელექტრომობილები მსოფლიო ბაზარს დაიპყრობენ.